„ქვეყანას სჭირდება ეს დაფინანსებები და აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღებთ საგარეო ვალს მომავალ წელსაც“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, წლევანდელი წლისგან განსხვავებით, 2022 წელს საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან შემცირდება.
„ჩვენ ეკონომიკა გაგვეზრდება მნიშვნელოვნად. 6%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვაქვს, მაგრამ დეფიციტი არის 4,4%. ამ დეფიციტს სჭირდება დაფინანსების წყარო. დაფინანსების წყარო იქნება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალები. საშინაო ვალის აღება ლარში მოხდება და სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს ცენტრალური ბანკი, ამას მივესალმებით ყველა, რადგან გარკვეული ინსტრუმენტებია ამის და ჩვენ გვჭირდება საშინაო ვალის აღება იმისთვის, რომ სამთავრობო ვალში დოლარიზაციის კომპონენტი საკმაოდ მაღალია, თითქმის 80%-მდეა. ხოლო დანარჩენი დაფინანსება იქნება საგარეო წყაროებიდან. ქვეყანას სჭირდება ეს დაფინანსებები და აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღებთ საგარეო ვალს მომავალ წელსაც. თუმცა, მნიშვნელოვანია ერთი რამ, განსხვავებით წლევანდელი წლისა, საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან ასევე მნიშვნელოვნად შეგვიმცირდება. 52%-ს ოდნავ აჭარბებს“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.