„ჩვენი მიზანია, რომ „ მთის წყალი“ ამ ბიზნესში პირველი იყოს. არ გვაქვს ნავთობი მაგრამ გვაქვს წყალი, რითაც მოვედებით ბევრ ქვეყანას, სადაც „კოკაკოლა“- ს ქარხანა არსებობს,” - ამის შესახებ „კომერსანტს“ „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.
2020 წლის ივლისში, კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ პორტფოლიო გააფართოვა და „მთის წყალის“ წარმოება დაიწყო. „მთის წყალის“ ბრენდის შექმნაში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 3 200 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა.
თემურ ჭყონიას თქმით წარმოების დაწყებიდან ერთ თვეში „მთის წყალის“ გაყიდვები მოლოდინებს 4-ჯერ აჭარბებს და კონკურენტებისგან განსხვავებით, ამ პროდუქტის უპირატესობა განსაკუთრებული ხარისხია.
„მოკლე პერიოდში „მთის წყალის“ გარშემო არსებულმა დაინტერესებამ ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა, 4-ჯერ უკეთესი შედეგი მივიღეთ.
თქვენ აღარ უნდა დალიოთ ბაკურიანი და უნდა დალიოთ „მთის წყალი“, რადგან ბევრად ჯობია . თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს.
პირველ რიგში, სანდოობის მომენტი მომხმარებლის მხრიდან ჩვენ უფრო ძლიერი გვაქვს. აქედან გამომდინარე,ჩვენ მათ იმედებს არ გავუცრუებთ „მთის წყალი“ არის მსოფლიო სტანდარტის, საუკეთესო წყალი. წყლის ანალიზი ჩატარდა ბელგიაში, „კოკა კოლას „ოფისში და დადასტურდა,რომ ის არის სანდო და სუფთა თავისი ბიოლოგიური შემადგენლობით. ამასთანავე, ჩვენ კომპანიას აქვს ის საერთაშორისო მიდგომები, რაც სხვა კომპანიებში არ გვხვდება.
წყლის უნიკალურობა განისაზღვრება ჭაბურღილის სისუფთავით. გავთხარეთ 12 ჭაბურღილი ნატახტარში, სანამ ამ არაჩვეულებრივ ჭაბურღილს არ მივაგენით. ჭა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს, დაკავშირებულია იმ ხაზთან, საიდანაც მთის წყალი ჩამოდის,“- განმარტავს თემურ ჭყონია.
„მთის წყალი“ არ არის პირველი პროდუქტი საქართველოში, რომლის წარმოებაც „კოკაკოლას ბრენდის ქვეშ საქართველოში დაიწყო. ცნობისთვის, წყალი Bonaqua-ც ასევე კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მიერ იწარმოება, თუმცა ქართულ ბაზარზე იმ პოპულარობით ვერ სარგებლობს, როგორც ამ ბრენდის პროდუქტი შეიძლება იყოს. მიზეზად თემურ ჭყონია წყლის შემადგენლობას ასახელებს, მისი თქმით Bonaqua-ს მინერალებით გაჯერება ხელოვნურად ხდებოდა, ხოლო „მთის წყალი“ ქიმიურ ჩარევებს არ საჭიროებს.
„Bonaqua-ში შეგვყავდა მინერალები,ისიც კარგი წყალი იყო, რომელიც აზერბაიჯანში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა, მასში არსებული მინერალები ჩვენ ხელოვნურად შეგვყავდა, „მთის წყალი“ კი ბუნებრივად არის გაჯერებული იმ მინერალებით, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მისაღებია,“ - განმარტავს ბიზნესმენი.
„მთის წყალი ამ ეტაპზე ნახევარლიტრიანი და ლიტრანახევრიანი მოცულობით არის წარმოდგენილი, ხოლო უახლოესს მომავალში 0.75ლ და 0.33ლ შუშის შეფუთვაშიც იქნება ხელმისაწვდომი. მომავალ წელს მთის წყალი 3 ლიტრიან და 6 ლიტრიან ჭურჭელში ჩამოისხმება. აზერბაიჯანში „კოკაკოლის“ ქარხანაც წყლის დისტრიბუციას დაიწყებს.
მარიამ მორგოშია