უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ილონ მასკს ჯო ბაიდენი არ მოსწონს. მილიარდერი ამას ხშირად გამოხატავს საჯაროდ, Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე. ცოტა ხნის წინ Tesla-ს დამფუძნებელმა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს „ადამიანის ფორმის დამპალი წინდის თოჯინა“ უწოდა. კიდევ ერთ Tweet-ში კი დაწერა, რომ „ბაიდენი ამერიკელებს სულელებივით ექცევა“.
პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი ბაიდენის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა. ვიდეოში ბაიდენმა მადლობა გადაუხადა General Motors-სა და Ford-ს ელექტრომანქანების წარმოებისთვის.
„დარწმუნებული ვიყავი, როცა ვამბობდი, რომ მომავალი ამერიკაში იქმნება. კომპანიები, როგორიცაა GM და Ford, აწარმოებენ იმაზე მეტ ელექტრომობილს ამერიკაში, ვიდრე ოდესმე“, – ვკითხულობთ პრეზიდენტის Twitter-ზე.
მასკი გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ ბაიდენმა არც გამოქვეყნებულ ვიდეოში და არც წინა დღეს გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ის GM-ის, Ford-ისა და Stellantis-ის მწარმოებლებს შეხვდა, არ ახსენა ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი Tesla. მასკი არც ღონისძიებაზე ყოფილა მიწვეული. მეტიც, პრეზიდენტის პრესსპიკერის – ჯენ ფსაკის განცხადებით, ეს სამი კომპანია ავტოინდუსტრიის უმსხვილესი დამსაქმებლები არიან.
„იწყება T-ით, მთავრდება A. ESL-ით შუაში”, – დაწერა საპასუხოდ მასკმა Twitter-ზე.
Tesla-ს მიმართ ბაიდენის დამოკიდებულებას საზოგადოების უმეტესობა ამერიკული პროფკავშირების საკითხს უკავშირებს. ბაიდენი საკმაოდ პოპულარულია ამერიკულ პროფკავშირებში, განსაკუთრებით კი ავტოინდუსტრიის მუშაკთა გაერთიანებებში.
მასკი პროფკავშირების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. შესაბამისად, Tesla-ს თანამშრომლებიც არ არიან მასში გაერთიანებული. თუმცა, მათ შედარებით კარგი ანაზღაურება აქვთ და გარკვეულ შეღავათებსაც იღებენ. მსგავსი დამოკიდებულების გამო მასკმა პრეზიდენტს „მიკერძოებული“ უწოდა და განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას „პროფკავშირები აკონტროლებენ“.
თეთრი სახლის სპიკერის – ემილი სიმონსის განცხადებით, ღონისძიებაზე ბაიდენი მხოლოდ იმ ბიზნესლიდერებს შეხვდა, რომლებიც მხარს უჭერენ Build Back Better-ს. ეს არის პრეზიდენტისა და დემოკრატი კონგრესმენების ინიციატივა, რომელიც მოიცავს $7,500 საგადასახადო შეღავათს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც 2026 წლამდე ელექტრომანქანას შეიძენს. Tesla-ს დამფუძნებელი ამ ინიციატივას არ იზიარებს და სწორედ ამ არგუმენტით ახსნეს ის, რომ მასკი შეხვედრაზე არ იყო მიწვეული.
გასათვალისწინებელია, რომ მასკის სარაკეტო კომპანია SpaceX NASA-სა და თავდაცვის დეპარტამენტის ფედერალური კონტრაქტების საფუძველზე ფუნქციონირებს.
წყარო: businessfeed.ge