საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას თხევადი ქლორის ბალონებისა და კონტეინერების გადასატანად ავტოსატრანსპორტო (FIAT DUCATO) საშუალების შეძენა სურს, რაშიც 88500 ლარს გადაიხდის.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, უწყებას ავტოსატრანსპორტო საშუალება თხევადი ქლორით სასმელი წყლის გაუსნებოვნების სადგურების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
ირკვევა, რომ თებერვალის პირველ ნახევარში ბაკურიანში დაზიანებული მადოზირებელი აპარატურის შეკეთების შემდეგ, სპეცჯგუფი ბრუნდებოდა ფარცხანაყანევში, რა დროსაც თხევადი ქლორის გადასატუმბი სადგურის გზაზე, სავალ ნაწილზე გადმოხტა ცხენი და შეჯახების შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალება ძლიერ დაზიანდა. აღნიშნული ავტომობილის (TOYOTA HILUX სახ.ნომერი UW-727-SC) ჩანაცვლება მოხდა სატვირთო ავტომობილით MAN TGM 13.240 სახ.ნომრით UW-116-SC-თი. მიმდინარე წლის 20 თებერვალს (გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე) თხევადი ქლორის ბალონებისა და კონტეინერების ექსპლუატაციისა და მონტაჟის სპეც.ჯგუფი მივლინებით მიემგზავრებოდა დუშეთის სერვისცენტრში, რა დროსაც აღნიშნული სპეც.ჯგუფი ქარელის მიმდებარე მონაკვეთზე მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში. აღნიშნული ავარიის შედეგად დაიღუპა თანამშრომელი - ვარლამ ბალანჩივაძე, ხოლო ავტომანქანა MAN TGM 13.240 სახ.ნომრით UW116-SC ფაქტიურად განადგურდა.
შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეშე შეფერხდება შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ფუნქციონირება და დამუშავებული წყლის მიწოდება მოსახლეობისათვის.
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს წყლის მოპოვებას, დამუშავებას და აბონენტებისთვის მიწოდებას.