„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც წამლების ხარჯების შესამცირებლად არის გადადგმული, მისასალმებელია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჯანდაცვის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებაზე კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, რეფერენტული ფასები ახალი არ არის და ევროკავშირის ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება.
„აქ მთავარი კითხვები რჩება იმაზე, თუ რამდენად მზად არის ჩვენი სამინისტრო და ბაზარი ამის გამოყენებისთვის, რა მეთოდოლოგიით იქნება ფასი დათვლილი და რამდენად წარმატებული იქნება ეს რეფორმა, რომ რეალურად დაეტყოს ჩვენ ბაზარს და შეამციროს ის ხარჯი, რაც მედიკამენტებისთვის გადახდის ხარჯს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანი გაცხადებულია და ინსტრუმენტიც გასაგებია, მაინც ბევრი კითხვაა დარჩენილი, სამწუხაროდ ამ კითხვებს სვამენ ის ადამიანებიც, ვინც ამ სექტორში მუშაობენ, ასევე რჩება შთაბეჭდილება, რომ არც სამინისტრო არ არის მზად ამ ეტაპზე, რომ კითხვებზე პასუხი გასცეს.
ისეთ დეტალურ კითხვებზეა პასუხი გასაცემი, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის იმასთან, თუ რამდენ ხანში ერთხელ მოხდება ფასების გადახედვა, როგორი მეთოდოლოგიით იქნება ფასები გამოთვლილი, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. დღეს ვიცით, რომ ეს ფასი კონკრეტულ მედიკამენტებზე ვრცელდება და რა პერიოდში აპირებს სამინისტრო, რომ ეს ინსტრუმენტი სხვა მედიკამენტებსაც შეეხოს, ეს არ ვიცით. მხოლოდ ორი ჯგუფის მედიკამენტი არ არის, რომელიც საქართველოში მოიხმარება, ამიტომ ყოველთვის კარგია როდესაც მსგავსი რეფორმების გადაჭრა უფრო მეტი გამჭვირვალეობის და უფრო მეტი ანგარიშვალდებულების ფორმით ხდება“, - აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს, რომელიც მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებას და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება.
თაკო კვაჭანტირაძე