ბიზნესისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდასთან ერთად, გაიზარდა სხვადასხვა პროდუქტის ფასიც.
როგორც ცნობილია, დღეიდან, თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი გაუძვირდა. “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრა 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. დედაქალაქში კი 1მ3 ბუნებრივი აირის საფასური 1,35 ლარი გახდა.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის მატების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, დაანონსდა რომ ბიზნესისთვის გაზის გაძვირება რიგ პროდუქციაზე ფასის მატებას მყისიერად გამოიწვევდა. მათ შორის, რიგი კომპანიების მხრიდან აღინიშნა, რომ გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, 1-ლი ივლისიდან რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდებოდა.
„ახლა, ფასს ვიჭერთ იქედან გამომდინარე, რომ აპრილიდან-ივნისის ჩათვლით რძის რაოდენობა იმატებს. ეს სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ახლა ვუძლებთ ჩვენ ამ ყველაფერს. ბალახის შემცირებასთან ერთად, მცირდება ნედლი რძე, იზრდება გაზი ტარიფი, რომელიც ინერგო მატარებლებში ყველაზე დიდ წილს იკავებს ჩვენს წარმოებაში და ზუსტ პროცენტს ვერ ვიტყვი, ახლა ვითვლით, მაგრამ ფაქტია, 1-ლი ივლისიდან გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდება“, - აცხადებდა ნედლი რძისა და რძის პროდუქტების კომპანია ,,შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე.
დღეს უკვე, სუპერმარკეტებში რძის ზოგიერთ პროდუქტზე ფასის მატება უკვე აისახა. გაძვირებულია არაჟანი, კეფირი, რომელთა ფასიც დააახლოებით 60-70 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.
„ბიზნესპრესნიუსი“