ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეტი უცვლელად 10%-ზე შენარჩუნდა. სების განმარტებით მკაცრი მონეტრალული პოლიტიკის შენარჩუნების მიზეზი მაღალი ინფლაციაა.
„ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში, პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა. საქართველოშიც აგვისტოს წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი, 12.8 პროცენტი, შეადგინა. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ძირითადად, კვლავ ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განაპირობებს. წინასწარი შეფასებით, მსგავსი ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდადი დინამიკა გლობალურად აძვირებს იმპორტულ პროდუქციას. აგვისტოს მონაცემებით, მიუხედავად ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის გამყარებისა, იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.7 პროცენტამდე დაჩქარდა, რაც ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მატებას (8.2 პროცენტი) მნიშვნელოვნად აღემატება. რაც შეეხება შიდა მოთხოვნას, ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდის ტემპმა მოიმატა, თუმცა ის ამ ეტაპზე ზომიერია და მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას არ ქმნის. ამასთან, სესხების ზრდა და მოთხოვნაზე მისი გავლენა ეროვნული ბანკის განსაკუთრებული ყურადღების საგანია“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2021 წლის ბიუჯეტი 3%-იან ინფლაციაზე დაიგეგმა, მაგრამ აგვისტოში რეალობამ გეგმას 4-ჯერ გადააჭარბა. სების პროგნოზით მაღალი ინფლაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება და კლებას 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს, რასაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც შეუწყობს ხელს.
რეფინანსირების განაკვეტი ბოლოს 4 აგვისტოს 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 124 000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა. მონეტარული პოლიტიკის შემდეგ სხდომა 27 ოქტომბერს ჩატარდება.