თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ელის.
„რთულია განსაზღვრა, მაგრამ ინფლაციის შემცირების ის ტრენდი, რომელიც ბოლო 2 თვეა დაიწყო, მისი გაგრძელებისა და ინფლაციის შემცირების შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთი, ალბათ, დაიწყებს კლებას და ჩვენი მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე 0.5 - 1%- ის ფარგლებში შემცირდება”, - აცხადებს ბუცხრიკიძე.
თავის მხრივ, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ინფლაციის მკვეთრ შემცირებას უფრო მეტად მომავალი წლიდან ელის.
ძნელაძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სებ-ს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საშუალება ექნება და ექნება შესაძლებლობა, რომ დაიწყოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც ერთგვარად კიდევ უფრო მეტი წახალისება იქნება ლარის დაკრედიტებისა და ლარიზაციისთვის.
ასოციაციაში მეოთხე კვარტალში გაუმჯობესებულ შედეგებს ელიან, დაკრედიტების 10%-იანი ზრდით.
შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 14 სექტემბერს გაიმართა. სებ-მა პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა 11%-ზე.
სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ინფლაციის კლების დაწყებას იანვარ-თებერვალში ელის, ხოლო 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას 2023 წლის შუა პერიოდში.
წყარო: gbc.ge