რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას არ ველოდებით, — ამის შესახებ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის მორიგ სხდომაზე, რომელიც 1-ელ თებერვალს არის ჩანიშნული, განაკვეთების გაზრდა მოსალოდნელი არ არის.
„ვფიქრობ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ მოხდება, რადგან განაკვეთი ისედაც მაღალია. თუ შემცირების კუთხით ვისაუბრებთ, ამას უფრო მეტად გაზაფხულზე ველით. თუ ინფლაციის შემცირების ტენდენცია იქნება, ეროვნული ბანკი შეძლებს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს. პირველი თებერვლის სხდომაზე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ ველოდებით ცვლილებას.
მოლოდინები გვაქვს, რომ ზაფხულის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს. ამასთან, ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს, მეორე კუთხით, წელს არ ველოდებით რეფინანსირების განაკვეთის ზრდას. დღეს საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საკმაოდ მკაცრია და 11% -ს შეადგენს“, — აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ინფლაციის მოსათოკად და ფასების ზრდის შესამცირებლად ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. 2022 წლის ბოლო, 21 დეკემბრის სხდომაზე, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.