1-ელი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% გახდა და ის მხოლოდ 2023 წლის პირველი იანვრიდან გაცემულ სესხებსა და ოვერდრაფტებს შეეხება.
პენსიების გაცემის ახალ ტენდერში პირობით განსაზღვრული იყო ის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც საპენსიო სესხები უნდა გაიცეს. ეს განაკვეთი დგინდება თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან (რეფინანსირების განაკვეთი), რაც ახლა 11%-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასნამატი კი 15%-ია. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი დღეს 26%–ს არ უნდა აჭარბებდეს, ეს მაშინ, როდესაც გასულ წლებში ის საშუალოდ 35% იყო. გარდა ამისა, სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მლნ ლარით დაასუბსიდირებს პენსიის დარიგების მომსახურებას.
შესაბამისად, ექსპერტები „კომერსანტთან“ აღნიშნავენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პარალელურად საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაკლების შესაძლებლობა არსებობს.
მიმდინარე წელს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებენ როგორც ეროვნულ ბანკში ასევე დარგის სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის მორიგი სხდომა თებერვალშია ჩანიშნული.
2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 794 ათასი ადამიანი იღებს.