სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი - NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა.
გადაწყვეტილების მიზეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის, სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL - მინარევის სახით, დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავს, რომ DOK-1 Max-ის და AMBRONOL-ის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება. თუმცა, რეგულირების სააგენტომ, შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა, იგივე მწარმოებლის, სხვა პრეპარატი.
ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.