იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan Motor Co. და ფრანგულმა კონცერნმა Renault SA-მ ორმხრივი ალიანსის პირობების გადახედვის შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, აცხადებენ Renault-ს წარმომადგენლები.
ახალი შეთანხმებებით Renault და Nissan-ი ახლოს არიან ალიანსის გადარჩენასთან.
გასულ კვირას, გარდაუვალი გარიგების შესახებ სხვადასხვა მედია წერდა, მათ შორის The Wall Street Journal.
გარიგების პირობების მიხედვით, Renault Nissan-ის წილს 15%-მდე თანდათან შეამცირებს, რათა იაპონური კომპანიის წილს გაუტოლდეს. ახლა Renault Nissan-ის აქციების დაახლოებით 43%-ს ფლობს.
ხელშეკრულების ფარგლებში, Renault გადასცემს „ზედმეტ“ აქციებს სპეციალურ ტრესტს, რომელიც მათ მართავს და ეტაპობრივად გაყიდის. ტრესტი არ გამოიყენებს ხმის უფლებებს, რომლებსაც ეს აქციები აძლევს, მაგრამ მიიღებს დივიდენდებს და ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან შემოსავალს.
გარდა ამისა, Nissan ინვესტირებას ახორციელებს Renault-ის ელექტრომობილების ბიზნესში, სახელწოდებით Ampere.
კომპანიები ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს გარიგების საბოლოო დეტალებზე, რის შემდეგაც ის ორივე ფირმის დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
Renault-Nissan ალიანსი 1999 წელს ჩამოყალიბდა და მათ Mitsubishi 2016 წელს შეუერთდა. სამივე კომპანია ერთად მსოფლიოს ყველა ავტომობილის 10%-ზე მეტს აწარმოებს. პარტნიორებს შორის დროდადრო ჩნდებოდა დაძაბულობა, რომელიც ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელის კარლოს გოსნის დაკავების შემდეგ გამძაფრდა. გარდა ამისა, Nissan-მა გამოთქვა შეშფოთება Renault-ში საფრანგეთის მთავრობის წილის გაზრდის გამო, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლებას შეეძლო გავლენა მოახდინოს იაპონურ კომპანიაში გადაწყვეტილებებზე.
Nissan-ის აქციები ორშაბათს ტოკიოში 0.7%-ით დაეცა, ხოლო პარიზში გამართული სესიის დასაწყისში Renault-ს აქციები - 1.4%-ით.