მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მიმდინარე კვირაში, პარასკევს დაგეგმილია ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხს დეტალურად განიხილავენ.
„პარალელურად, რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ტექნიკური, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით - რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია თუ ა.შ. საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ მივიღებთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური და ყველა სტანდარტის შესაბამისი სახელმწიფო კლინიკა, ნამდვილად მიღებულია და არ შეიცვლება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს პირობა, რომ დაახლოებით ათ დღეში შესაძლებლობის ფარგლებსა და ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით კონკრეტულ პროექტს წარმოადგენენ.