თბილისის ერთ-ერთი ცნობილი, პრემიუმ კლასის რესტორანი „ქალაქი“ დაიკეტა. როგორც რესტორნის დირექტორი თამარ ფოცხვერია „კომერსანტთან“ ამბობს, „ქალაქის“ დახურვის გადაწყვეტილება ფართის მფლობელმა მიიღო.
„რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება ფართის მფლობელმა მიიღო, როგორც ჩემთვის არის ცნობილი მას სხვა გეგმები აქვს, თუმცა კონკრეტულად რის გახსნას აპირებენ არსებულ სივრცეში ინფორმაცია არ მაქვს“, — ამბობს თამარ ფოცხვერია და დამატებითი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ფართი შპს სატივეს ეკუთვნის, რომლის დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეა, ხოლო მესაკუთრეები არიან GD Group (70%) და შპს ზედაშე (30%). თავის მხრივ შპს GD Group-ის 27% კობა კვეტენაძეს, 27% გიორგი კილაძეს, 27% მიხეილ ჯაფარიძეს, ხოლო 19% შპს კოდუს ეკუთვნის, რაც შეეხება შპს ზედაშეს, კომპანიის 33.34%-იან წილს გიორგი კილაძე, 33.33%-ს კობა კვეტენაძე, ხოლო 33%-ს მიხეილ ჯაფარიძე ფლობს.
2018 წლის მაისში გახსნილი რესტორანი „ქალაქი“ კოსტავას ქუჩაზე მდებარეობდა, განსხვავებული სტილის დიზაინის და პროექტის ავტორი კი კომპანია spectrum-ია. როგორც არქიტექტურულ კომპანიაში აღნიშნავენ, რესტორნის „ქალაქი” მთავარი კონცეფცია იყო კლასიკური ფრანგულ-იტალიური არქიტექტურული სტილისა და ტრადიციული, მრავალფეროვანი ქართული სტილის სინთეზი და განსხვავებული სივრცეების ერთ ჭერქვეშ მოქცევა.
რესტორნის მმართველი კომპანია 2021 წლამდე „შპს კოსტავა 2016“ იყო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, კომპანია 2016 წელს დარეგისტრირდა. „შპს კოსტავა 2016“-ის დირექტორი თამარ მათიკაშვილია, რომელიც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია, თუმცა კომპანიის რეგისტრაციის დროს მას მხოლოდ 50% ჰქონდა, დანარჩენ წილებს მიხეილ ჯაფარიძე, კობა კვეტენაძე და გიორგი კილაძე ინაწილებდნენ. 2021 წლიდან კი რესტორნის მმართველობა შპს „კრისტალმა“ გადაიბარა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თამარ ფოცხვერიაა.
„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და უფრო მეტ დეტალს, ფართის მფლობელებთან დაკავშირების შემდეგ შემოგთავაზებთ.
ნინო თამაზაშვილი