რიგის „დინამომ“ კონტინენტური ჰოკეის ლიგა დატოვა.
ლატვიურმა ჰოკეის კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა.
გუნდის მმართველმა საბჭომ კონტინენტური ჰოკეის ლიგის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო მიიღო.
„კჰლ-დან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ეს ჩვენი კლუბის პოზიციას მტკიცედ ასახავს. სამხედრო და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ჩვენ ვერ ვხედავთ კჰლ-თან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობას“, - განაცხადა რიგის „დინამოს“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა, იურის სავიცკისმა.
ცნობისთვის, რიგის „დინამო“ კონტინენტურ ჰოკეის ლიგაში მისი დაარსებიდან, 2008 წლიდან ასპარეზობდა. აღნიშნულ ტურნირზე რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ლატვიის, ფინეთის და ჩინეთის 24 კლუბი თამაშობს.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"