რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები, განახლებული გეგმის მიხედვით, 2023 წელს უნდა დასრულდეს. როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, 97 ხიდიდან და 51 გვირაბიდან ამჟამად მხოლოდ 6 ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობაა დასრულებული.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ვადამ დროში რამდენჯერმე გადაიწია. მისი დასრულება ვერც 2020 წლამდე მოესწრო და ვერც 2022 წლამდე. იქნება თუ არა საკმარისი 2024 წლამდე დარჩენილი 20 თვე, უცნობია.
მაგისტრალზე ყველაზე რთულ და ამავე დროს ყველაზე მაღალხარჯიან მონაკვეთად რიკოთის უღელტეხილი ითვლებოდა. მონაკვეთი 4 ლოტადაა დაყოფილი და ოთხივეს ჩინური კომპანია აშენებს. მათი ჯამური სიგრძე 51.6 კმ-ა.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის ღირებულება 330 მლნ ლარია, ხევი-უბისის - 732 მლნ, უბისა-შორაპნის - 902 მლნ და შორაპანი-არგვეთას 583 მლნ ლარი. ანუ ჯამში 2.5 მლრდ ლარზე მეტი. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხების ნაწილი ლარშია გამოყოფილი, ნაწილი დოლარში. 2022 წლის 6 მაისის კურსის გათვალისწინებით, ამჟამად თანხის 56% ასათვისებელია.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, განახლებული გეგმის მიხედვით, 2024 წელს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ავტომობილით წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო 4.5 სთ-მდე უნდა შემცირდეს.
რიკოთის გარდა მიმდინარე მსხვილი პროექტებიდან ყველაზე რთულად და მაღალბიუჯეტურად ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი ითვლება, რომლის მშენებლობაც 2024 წელს უნდა დასრულდეს. გზისა და გვირაბის მშენებლობა ჯამში 1.2 მლრდ ლარი ჯდება, მხოლოდ გვირაბის 909 მლნ ლარი, რამაც მის რენტაბელურობაზე კითხვები ჯერ კიდევ 3 წლის წინ გააჩინა.
კახეთის ავტობანიც მშენებლობის პროცესშია, რომლის დასრულების თარიღადაც ასევე 2024 წელია მიჩნეული.
ავტომაგისტრალის ძირითადად შეღავათიანი კრედიტით შენდება. უმთავრეს დონორ ორგანიზაციებს მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს.
გიორგი ელიზბარაშვილი