უკრაინელი მილიარდერი, რინატ ახმეტოვი იახტის გაყიდვას გეგმავს, რომელიც მისი დაკვეთით გერმანიაში იწყობა. ინფორმაციას The New York Times (NYT) ავრცელებს.
„ამჟამინდელი გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ მის გაყიდვას განვიხილავთ,“ - აცხადებს რინატ ახმეტოვის System Capital Managemen-ის (SCM) საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, ჯოკ მენდოზა-ვილსონი.
გამოცემის ცნობით, იახტას, სახელწოდებით Luminance, გერმანული კომპანია, Lürssen-ი აწყობს. ამავე კომპანიამ ააწყო 140 მეტრ სიგრძის, 700 მლნ დოლარის მეგაიახტა, Scheherazade, რომელიც მაისის დასაწყისში იტალიაში დააკავეს და რომლის მფლობელადაც პუტინს მოიაზრებენ. ასევე, Luminance-ის აწყობასაც კომპანია Imperial Yachts ოპერირებს, რომელიც Scheherazade-ს პროექტში მონაწილეობდა და რომლის კლიენტიც ბევრი რუსი მილიარდერია.
დასრულების შემდეგ, თითქმის, 145 მეტრ სიგრძის Luminance შესაძლოა, მსოფლიოს 10 უმსხვილეს სუპერიახტას შორის მოხვდეს. NYT-ის ცნობით, იახტა ახმეტოვის „საიდუმლო“ პროექტი იყო, თუმცა ის უკვე მის გაყიდვას დასრულებამდე განიხილავს.
ჯოკ მენდოზა-ვილსონმა გამოცემას განუცხადა, რომ ახმეტოვმა იახტის აწყობაზე კონტრაქტი 2018 წელს გააფორმა. NYT-ის ანონიმური წყაროს ცნობით, მასზე მუშაობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც გრძელდებოდა. იახტა მომავალ წელს იქნება მზად. NYT-ს ინდუსტრიის ექსპერტმა განუცხადა, რომ ზოგადად, „იახტის გასაყიდად საუკეთესო დრო წყალში მისი ჩაშვების წინა დღეა.“
რინატ ახმეტოვი უმდიდრესი უკრაინელი ბიზნესმენების სიაში პირველ ადგილს იკავებს. Forbes Real-Time-ის მონაცემებით, 20 მაისის მდგომარეობით, მისი ქონება 4,9 მლრდ დოლარად არის შეფასებული. აპრილში ახმეტოვმა პირობა დადო, რომ რუსეთის აგრესიის დასრულების შემდეგ მარიუპოლს აღადგენს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"