უკრაინელი მილიარდერის, რინატ ახმეტოვის კომპანია DTEK-მა სამხედრო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს თებერვალსა და მარტში 75 მლნ გრივნის (2,539,939.92 დოლარის) უფასო ელექტროენერგია მიაწოდა. კომპანიის განცხადებას პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან DTEK-მა უფასო ელექტროენერგია მიაწოდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, როგორიც არის სახელმწიფო და მუნიციპალური სამედიცინო დაწესებულებები, სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოებო, პურის მწარმოებლები. მთლიანობაში, თებერვალსა და მარტში ამ დაწესებულებებმა კიევის, დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში, თითქმის, 18 მილიონი კვტ/სთ-ის ელექტროენერგია მოიხმარეს, რამაც, დაახლოებით, 75 მლნ გრივნა (2,539,939.92 დოლარი) შეადგინა.
უფასო ელექტროენერგია 150-მდე დაწესებულებამ მიიღო. მათ შორის არის უკრაინის სამედიცინო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტი, დნეპროპეტროვსკის მეჩნიკოვის სახელობის კლინიკური საოლქო საავადმყოფო, კურახოვსკაიას საქალაქო საავადმყოფო და სხვები.
„დღეს თითოეული ჩვენგანი ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით უნდა დაეხმაროს. უნდა დავეხმაროთ ჩვენს დამცველებს, რომლებიც ქვეყანას ოკუპანტისაგან იცავენ და სხვა ოლქებიდან დევნილ მოსახლეობას. უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის მხარდასაჭერად და ენერგეტიკული ფრონტის შესანარჩუნებლად. გვესმის, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოების სტაბილური მუშაობა დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ამიტომ ამ დაწესებულებებისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება დავიწყეთ. ეს არის ჩვენი წვლილი მომავალ გამარჯვებაში!“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.