„რიყის დოქების“ საწყისი ფასი აუქციონზე 10 მლნ ლარი იქნება — ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ინვესტორი ვალდებული იქნება „რიყის დოქების“ შეძენის შემდეგ, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. გარდა ამისა, მონაწილემ შესაბამისი გარანტიები უნდა წარმოადგინოს და არაუმეტეს 36 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა.
„რიყის დოქებში ტურისტული ცენტრი გვინდა გავაჩინოთ, მათ შორის შეიქმნას ღვინის მუზეუმი. ალბათ ინტერაქტიური სამუზეუმო სივრცე უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, დოქების სივრცის ნაწილი ქართული ღვინის თემატიკას შეეხოს. იმედი გვაქვს, მეტ ტურისტს მოვიზიდავთ. წინა აუქციონების შედეგად, იმ ფასით, რომელიც გამოცხადებული იყო, ვერ მივიღეთ დაინტერესება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება, რომელიც არსებობს, დაინტერესებულ მხარეებთან წარიმართება წარმატებით და ობიექტი გაცოცხლდება. გვინდა, რომ აქაც მორიგი ტურისტული ცენტრი გავაჩინოთ. გათვალისწინებულია ღვინის მუზეუმის მოწყობა და ა.შ.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ქონების სააგენტომ რიყის დოქების გაყიდვის მიზნით 5 უშედეგო აუქციონი გამოაცხადა. ობიექტი გასაყიდად მეხუთედ 29 დეკემბერს, 30 მლნ ლარად. „რიყის დოქების“ გასაყიდი ფასი აუქციონებზე ასეთია: 2021 წელს 4 თებერვალი – 5 მარტი: 71 250 000 ლარი; 30 მარტი – 15 აპრილი: 71 250 000 ლარი; 29 აპრილი – 17 მაისი: 47 500 000 ლარი.