„რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი ისევ უშედეგოდ დასრულდა - ობიექტი არც ამჯერად იყიდა ვინმემ. ხელახალ აუქციონზე გამოტანილი კომპლექსის საწყისი ღირებულება 10 მილიონი ლარი იყო. აუქციონი დღეს 17:00 საათზე შედეგის გარეშე დაიხურა.
პროექტის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლად დანიშნულმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. პროექტის მიხედვით, იქ განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ „რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი მეექვსედ, 21 თებერვალს დასაწყისში გამოაცხადა. თავდაპირველად აუქციონი 2020 წლის დასაწყისში გამოცხადდა, მაშინ ობიექტი 95 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა ის არავინ იყიდა. უკვე შემდგომი აუქციონი 2021 წლის მარტში გამოცხადდა, კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.25 მლნ ლარი იყო, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. მესამედ „რიყის დოქებზე“ აუქციონი მთავრობა აპრილის დასაწყისში გამოაცხადა. ობიექტის საწყისი ღირებულება 71,25 მლნ ლარი იყო.
„რიყის დოქები“ მეოთხედ, 47.5 მლნ ლარად 50%–იანი ფასდაკლებითაც ვერ გაიყიდა. წარუმატებელი აღმოჩნდა მეხუთე ცდაც. სახელმწიფო ობიექტის გასხვისებას 30 მლნ ლარად ცდილობდა.
ცნობისათვის, თბილისის ცენტრში მდებარე ობიექტის მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაჯდა, 2013 წელს დასრულდა, თუმცა მას შემდეგ ის უფუნქციოდ არის მიტოვებული.