ფარმაცევტული გლობალური კომპანია, Roche „რუსეთში ფულს კარგავს," თუმცა იქაური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების ერთგული რჩება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სევერინ შვანმა შვეიცარულ გაზეთ TagesAnzeiger-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ, შევუწყვიტოთ რუს პაციენტებს კიბოს სამკურნალო წამლების მიწოდება. არსებობს საერთაშორისო კონსენსუსი, რომ მედიკამენტები სანქციებისგან გათავისუფლებულია,“ - აცხადებს სევერინ შვანი.
ამასთან, შვანი ამბობს, რომ რუბლებში ფიქსირებული ფასები ფარმაცევტულ გიგანტს რუსეთის გაყიდვებში ფულს აკარგვინებს. Roche-ს რუსეთში გაყიდვების ხაზით 800 თანამშრომელი ჰყავს.
Roche-ს გადაწყვეტილება სხვა ფარმაცევტული გიგანტების პოზიციის მსგავსია, რომლებმაც, ასევე, განაცხადეს, რომ რუსეთს აუცილებელ მედიკამენტებს მიაწვდიან, თუმცა ისინი ზოგიერთ სხვა საქმიანობას ქვეყანაში წყვეტენ. მაგალითად, Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთის GSK რუსეთში აუცილებელი მედიკამენტებისა და ვაქცინების მიწოდებას განაგრძობს, თუმცა ლონდონის ბირჟაზე ლისტირებული კომპანია, სანქციეიბის ფარგლებში, იქ კლინიკურ კვლევებს შეაჩერებს. ამასთან, მიმდინარე კველვებში მეტ პაციენტს აღარ ჩართავს.
იმის გამო, რომ მედიკამენტები, სამედიცინო აპარატურა და აღჭურვილობა ჰუმანიტარული მიზეზების გამო სასიცოცხლო პროდუქციაა, გლობალური ჯანდაცვის სექტორი რუსეთიდან არ გადის. Merck, Pfizer, Eli Lilly, Novartis და Abbvie რუსეთში თავიანთ ბიზნესს მხოლოდ ამცირებენ, თუმცა ინვესტიციებს აჩერებენ.
ამასთან, GSK რუსეთში პროდუქციის რეკლამირებასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ყველანაირ საქმიანობას აჩერებს, ხოლო რუსული ოპერაციებიდან მიღებულ ნებისმიერ მოგებას ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყენებს. GSK-ს საწარმოო ოპერაციები რუსეთსა და უკრაინაში არა აქვს და შეზღუდული მიწოდების ჯაჭვით საქმიანობს. კომპანია, ასევე, ამ ორი ქვეყნის ნედლეულზე არის დამოკიდებული. რუსეთსა და უკრაინაში GSK-ის გაყიდვების წლიური მოცულობა 658,65 მლნ დოლარს შეადგენს.