მე საერთოდ მომხრე არ ვარ ტკბილი ღვინოების განვითარების, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, - მიიჩნევს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა შეძლოს და საექსპორტო ბაზრებზე ტკბილი ღვინოების ჩანაცვლება მოახდინოს.
„არავინ ამას ხელი არ მოკიდა. ვერ შევდივართ მაღალ სეგმენტში. როდესაც წითელი ტკბილი ღვინო გაგაჩნია ქვეყანას წაშლილი ხარ დიდი მეღვინეების სიიდან. არ შეიძლება. მაგრამ იძახიან 30-40%-ი უჭირავს ქვეყნის ექსპორტის და ვერ ვაუქმებთო. გასაკეთებელია ისე, რომ ნელ-ნელა ჩანაცვლდეს. ეს არის 60-იანი წლების ცეკას დადგენილებით შექმნილი პროდუქტი.
ქინძმარაული, ხვანჭკარა - ესენია ტკბილი ღვინოები რომელიც ასაკრძალია მე თუ მკითხავ. ბუნებრივად თუ დგება ტკბილი კი ბატონო, მაგრამ როდესაც შენ მაცივარში ყინავ ...“, აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ღვინოშიც დიდი კონტროლია საჭირო და ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ზონების მოცულობა უნდა დაპატარავდეს.
„ეს ზონებიც არ შველის. ძალიან დიდია, ქინძმარაულის ზონა არის ათი ათასობით ჰექტარი. ღვინო ერთი ლარი ღირს და გააქვთ 1 დოლარად, 1,5 დოლარად. მე ვფიქრობ ეს სირცხვილია ჩვენი მეღვინეობისთვის და როგორმე უნდა ავწიოთ. რომ ავწიოთ უნდა ღვინის ინსტიტუტი დაბრუნდეს. ღვინის ინსტიტუტი უნდა იყოს თავის სიმაღლეზე. არასოდეს ისტორიაში არ ყოფილა ქინძმარაულის ზონა ათი ათასი, იყო სულ 300 ჰა. ყველა მინისტრს ამაზე ვესაუბრები, მაგრამ არ გამოდის“, - აცხადებს ბიზნესმენი.
რაც შეეხება ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში ნახევრად ტკბილ ღვინოები იწარმოება, რომელიც ექსპორტზე გადის როგორც ევროპაში, ასევე დსთ-ს სივრცეში, თუმცა შედარებით მაღალი მოთხოვნა უფრო დსთ-ს სივრცის ქვეყნებიდანაა.
ბიზნესი აცხადებს, რომ ნახევრად ტკბილ ღვინოებზე ევროპაში მოთხოვნა ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთშია, ევროპის დანარჩენ ქვეყნებში კი ნახევრად ტკბილ ღვინოებზე მოთხოვნა არ შეინიშნება და ძირითადად მშრალი ღვინოები იყიდება.
„ზოგადად ნახევრად ტკბილი ღვინოების მოხმარება ევროპაში ნაკლებად პოპულარულია და მომხმარებელი ძირითადად მხოლოდ მშრალ ღვინოს მოიხმარს“, - აცხადებს ბიზნესი.