გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში არ გაიმართება.
„მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, უახლოეს მომავალში, ეფექტური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. მჯერა, რომ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება და ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ლოდინი, სანამ სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები გახდება შესაძლებელი. სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლო ჰორიზონტზე არ ჩანს. ამიტომ, ჩვენ კონცენტრირებას სხვა ისეთ ასპექტებზე ვაკეთებთ, როგორიცაა მარცვლეულის შეთანხმების ეფექტურობის გაზრდა, მასში ახალი კომპონენტების დამატება, კერძოდ, ამიაკის ექსპორტი“, - დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გუტიერეში იმედოვნებს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელს დასრულდება.
„როდესაც ვთქვი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს ვერ ვხედავ, არ ვგულისხმობდი მთელ 2023 წელს. დიდი იმედი მაქვს, რომ 2023 წელს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შევძლებთ“, - შეაჯამა გაეროს გენერალურმა მდივანმა.