უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება, ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს. უწყების განმარტებით, უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარე ეტაპზეა.
„ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს სრულდება გზაგამტარის მოწყობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა ხდება, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში, გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება“, აცხადებენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს, პროექტის ღირებულება კი 35 მლნ ლარია.