საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ბუფერების მოთხოვნა 1%-მდე გაზარდა. თავის მხრივ, ამ ბუფერის მოთხოვნის ზრდა საფინანსო სისტემისთვის კაპიტალის გაძვირებაში აისახება.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების გადაწყვეტილების მიღება, ნიშნავს, რომ ბანკებმა უფრო მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ, შესაბამისად ახალი მოთხოვნა სხვა რეგულაციებთან ერთად, დაკრედიტების ზრდის ტემპს კიდევ უფრო შეანელებს და საბანკო სექტორის მიერ შეთავაზებული პროდუქციის ფასს გაზრდის.
„კონტრციკლური ბუფერის ამოქმედება, სხვა რეგულაციებთან ერთად დაკრედიტების ზრდის ტემპს კიდევ უფრო შეანელებს და საბანკო სექტორის მიერ შეთავაზებული პროდუქციის ფასს გაზრდის. თუ რამდენად დიდი ტვირთი იქნება ეს საბანკო სექტორისთვის და როგორ აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, ჯერჯერობით რთული სათქმელია, რადგან, მაღალი მოგების ფონზე, ბანკებს აღნიშნული ბუფერის შევსება უპრობლებოდ შეუძლიათ.
ზოგადად კაპიტალთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ბანკებისთვის რთულია. გარდა ამისა მიმდინარე წელი საკმაოდ მძიმე იქნება კაპიტალზე ზეწოლის მიმართულებით, რადგან საერთაშორისო ანგარიშგების სისტემაზე გადასვლის პროცესი იწყება და ეს შეიძლება მნიშვნელოვნად დააწვეს კომერციული ბანკების კაპიტალს. გარდა ამისა, წელს ბანკებს დამატებითი კაპიტალის აკუმულირება ისედაც მოუწევთ. ამ ყველაფერს დამატებული კონტრციკლური ბუფერის შემოღება, ანუ ბანკებისთვის მეტი კაპიტალის დარეზერვების მოთხოვნა, ვფიქრობ რთულია“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა, ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პოზიტიური ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება 15 მარტს მიიღო. სებ-ის ინფორმაციით, თუკი ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1 პროცენტი იქნება. კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება.