ისტორიაში პირველად საქართველო ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუ ბორდისსა და ფრი სკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი ბაკურიანში 5 მარტის ჩათვლით იმართება. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
რა გამოწვევებით შეხვდა ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს და რამდენად წარმატებულად ართმევს თავს მასპინძელი ქვეყნის სტატუსს. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ ისაუბრა. მისი თქმით ეს ჩემპიონატი როგორც რეგიონისთვის, ასევე სააგენტოსთვის უდიდესი გამოწვევაა, თუმცა ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს და რაიმე განსაკუთრებულ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.
„ყველაფერი ნორმალურ და კარგ რეჟიმში მიმდინარეობს, 12 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, ჩვენ დაგვჭირდა გარკვეული რეგულაციების ამოქმედება, ორ ადგილზე გადაკეტილი გვაქვს გზა, სადაც ძირითადად შეჯიბრებები მიმდინარეობს. ამ შეზღუდვებმა ძალიან განტვირთა საცობი, რაც ბაკურიანის პრობლემა ისედაც იყო. ამიტომ ადამიანები თვითონ გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
რაც შეეხება დამსვენებელთა რაოდენობას, შაბათ-კვირას ბაკურიანში ძალიან ბევრი დამსვენებელი იყო, გუშინ იყო შეჯიბრებები. ამ ჩემპიონატს ძალიან მიმზიდველს ხდის ის, რომ შეჯიბრებების პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები, მოწყობილია სოფელი, სადაც არის სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვები, რეგიონებიდან ჩამოსული მასტერ-შეფები მომხმარებელს სთავაზობენ ტრადიციულ კერძებს, ღამის 12 საათამდე არის გართობა და საბავშვო სივრცეები, გუშინ საღამოს ჩატარდა კონცერტი, შემდეგ საღამო გააგრძელა დიჯეიმ, რაც ვფიქრობ რომ ჩემპიონატის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ბაკურიანში მუდმივად როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში უნდა მოქმედებდეს“, - აღნიშნა ეკატერინე ორჯონიკიძემ.
რაც შეეხება კურორტის განვითარების სამომავლო პერსპექტივას, ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ ბაკურიანი 4 სეზონის კურორტი უნდა გახდეს, მისივე თქმით, ჩემპიონატისთვის მოწყობილ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 280 მილიონი ლარია დახარჯული, რაც რეგიონებში რჩება და ბაკურიანმა უნდა გამოიყენოს სამომავლოდ.
„ამ ჩემპიონატით ბაკურიანი მსოფლიო რუკაზე აღმოჩნდა და შემდეგ წლებშიც აუცილებლად მოხვდება, აქ ჩატარდება მსოფლიო თუ ევროპის დონის ღონისძიებები,
ასევე უნდა მოხდეს ტრამპლინების რეაბილიტაცია, რომელიც ბაკურიანის სავიზიტო ბარათი იყო. 2025 წელს ჩვენ გვექნება რიგით მე -17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ზამთრის სახეობებში და სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში გაკეთდება ტრამპლინები და ეს სპორტული ინფრასტრუქტურა შეიკვრება“, - აღნიშნა ეკატერინე ორჯონიკიძემ.
თაკო კვაჭანტირაძე