პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ დოლარზე მეტ თანხას ნიშნავს.
,,27.08.2020 - 22.10.2021 მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 3129 ადამიანი დარეგისტრირდა იმუშავე საქართველოდან პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი.
მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან ეკუთვნის:
- 58% - Freelancer-ს
- 29% - Full-Time Employee-ს
- 13% - Entrepreneur-ს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 90-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ ქვეყნებს შორისაა აშშ, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა. მიღებული აპლიკაციებიდან: დადასტურებულია 2291 - რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია, დაუარებულია 501 რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია, პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 1117 პირი. მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია, კანადა და ა.შ. ქვეყანაში მიღებული 1117 ადამიანი უდრის 8936 ღამეს საკარანტინე სასტუმროში, რაც საშუალო ღირებულების (50$) გათვალისწინებით უდრის 2 000 000 ლარამდე მიღებულ შემოსავალს. ქვეყანაში შემოსული 1117 პირი საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 14 მილიონზე მეტ აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს“, - აცხადებენ ტურიზმის დეპარტმენტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020 წლის 27 აგვისტოდან ახალი პლატფორმა „იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედდა. რაც პანდემიის პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად გაკეთდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ (Remotely from Georgia) ფარგლებში საქართველოს გამონაკლისის წესით 95-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის: აშშ-ის, ევროკავშირის, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები და რეზიდენტები ეწვევიან, რომლებსაც 180-ზე მეტი დღით დარჩენა შეუძლიათ.
2000-ლარიანი ხელფასის ამონაწერი, 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი და PCR ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით - ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოდან მუშაობის მსურველ უცხოელებს უწევთ
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"