როგორ მუშაობს სამკურნალო ტურიზმი საქართველოში

როგორ მუშაობს სამკურნალო ტურიზმი საქართველოში

access_time2021-10-09 10:00:06

სამკურნალო ტურიზმის ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან სფეროდ ითვლება, რადგან თუ სტანდარტული ტურიზმი ფუფუნების საკითხია, მკურნალობა ადამიანის სასიცოცხლო საჭიროებაა და, შესაბამისად, ადამიანი მას გადაუდებელ, აუცილებელ ხარჯთა კატეგორიაში განიხილავს, ყველაფერს აკეთებს, იღებს უკანასკნელ კაპიკსაც კი, რომ მასზე უარი არ თქვას. კომერსანტი შეეცადა ამ სფეროში მოოპერირე ოპერატორებისგან გაეგო, როგორ მუშაობს მედტურიზმი საქართველოში, რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით და რა პოტენციალია ქვეყანაში, იქცეს სამედიცინო ტურიზმის ჰაბი რეგიონში.



როგორც მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თენგიზ ვერულავა, განმარტავს, საქართველოს, როგორც კურორტებით მდიდარ ქვეყანას, გააჩნია დიდი პოტენციალი სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით. მისი ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში აღირიცხება 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი, რომლებსაც მომხმარებლებისათვის სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების შეთავაზება შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი ჰავა და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისთვის, რაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის სანატრელია.



"საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის მაქსიმალური ამუშავებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია იმ შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი, რაც ხელს უშლის მის განვითარებას. უმთავრესად უნდა გამოვყოთ სამედიცინო ტურიზმის სფეროში არსებული ძლიერი კონკურენცია. ბევრ ქვეყნებს, სადაც სამედიცინო ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია, კონკურენციას ვერ გავუწევთ. ასეთ ქვეყნებში უამრავი თანხები იხარჯება სამედიცინო ტურიზმის გასაძლიერებლად. ისინი სამედიცინო მომსახურების მრავალ სახეობას სთავაზობს უცხო ქვეყნების მომხმარებლებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო მულტიპროფილურად საინტერესო ვერ გახდება. სამკურნალო ტურიზმის განვითარებას აფერხებს ცუდი ინფრასტრუქტურა. არასაკმარისადაა განვითარებული სასტუმროთა და სააგენტოთა ქსელი, შედეგად, ფერხდება ტურისტების უზრუნველყოფა თავშესაფრით. ამავე დროს, არსებული კერძო სასტუმროების მომსახურების დონე დაბალია. კლიმატური კურორტები ძირითადად მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, სადაც ინფრასტრუქტურა განუვითარებელია. საყურადღებოა სატრანსპორტო სისტემაში არსებული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გზების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს უმეტეს მაღალმთიან რეგიონში მოშლილია საგზაო და სატრანსპორტო სისტემა. შედარებით ნაკლებადაა განვითარებული შიდა ავიარეისები, საზღვაო ტრანსპორტი, რაც საკმაოდ გააადვილებდა გადაადგილებას. სანაპირო ზოლის ზოგიერთ მონაკვეთზე შეინიშნება არადამაკმაყოფილებელი სანიტრულ-ჰიგიენური მდგომარეობა. რეგულარულად არ ხდება სანაპიროს დასუფთავება და საჭირო სანიტარული ნორმების დაცვა. ასევე ხშირია ზღვის დაბინძურება სხვადასხვა ჩამდინარე ნარჩენებით. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის დამსვენებელთა ჯანმრთელობას. საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის შესახებ არ არსებობს სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. სამკურნალო კურორტებზე შედარებით ნაკლებია რეკლამა. ასევე, ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს ნაკლებად სთავაზობს, - აცხადებს ვერულავა.



ჯერ-ჯერობით საქართველო რეგიონში სამკურნალო ტურიზმის ჰაბობას ვერ ახერხებს და ამ ფუნქციას მთლიანად თურქეთი ითავსებს. ეს ქვეყანა უკვე გახდა ერთგვარი ბრენდი და ანგარიშგასაწევი მოთამაშე მსოფლიო მედტურისტულ ინდუსტრიაშიც. თავად საქართველოდანაც მაღალია თურქეთში სამკურნალოდ წასულთა ოდენობაც. "კომერსანტი" მეტი დეტალის გასარკვევად იმ კომპანიასაც გაესაუბრა, რომელიც უშუალოდ ამ სერვისითაა დაკავებული. "ქინგ ტურის" დირექტორი ეკატერინე ხორგუანი გვეუბნება, რომ, მიუხედავად საქართველოში არსებული უამრავი სამედიცინო დაწესებულების და მაღალი კვალიფიკაციის ექიმთა სიმრავლისა, პაციენტები ძალიან ხშირად დიაგნოსტიკისთვის, დიაგნოზის დასადასტურებლად/გადასამოწმებლად, ან სამკურნალოდ, საქართველოდან საზღვარგარეთ გამგზავრებას ირჩევენ. მისი თქმით, ხშირად ამის მიზეზი ისეთი სახის სამედიცინო მომსახურების საჭიროებაცაა, რომლის მიღებაც საქართველოში შეუძლებელია. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტებს ქვეყნიდან წასვლის და საზღვარგარეთ მკურნალობის გადაწყვეტილების მიზეზი ექიმთა მიმართ უნდობლობა, ხანაც მათი ნაწილი უნდობლობას მედიკამენტებს უცხადებს. ქინგ ტურის დირექტორი საქართველოდან სამკურნალოდ წასული ტურისტების მთავარ მოტივატორად ასახელებს ასევე სამედიცინო სერვისების მაღალ ფასს.




"ძალიან ხშირად, საზღვარგარეთ მკურნალობის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, საქართველოში სამედიცინო მომსახურების არაადეკვატურად მაღალი ფასია. ამ მხრივ, ქართველებისთვის პირველ ადგილზე თურქეთია. სტატისტიკურად, ყველაზე მეტი ადამიანი სამკურნალოდ საქართველოდან თურქეთში მიემგზავრება. სამედიცინო ტურიზმი თურქეთში უკვე ძალიან განვითარებული მიმართულებაა. ამ მხრივ, თურქეთი მსოფლიოს 5 წამყვან სახელმწიფოს შორისაა. როცა საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების წინაშე თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრია, ყოველთვის უფრო მეტად რთულია, საფუძვლიანად მოიკვლიოთ და სწორად დაგეგმოთ გზა, რომლის გავლაც მოგიწევთ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვოთ გუნდი, რომელსაც ამ პროცესის მართვას მიანდობთ. სამედიცინო ტურიზმის კომპანიების უდიდესი ნაწილი ამა თუ იმ ცნობილი კლინიკის წარმომადგენლობაა საქართველოში. ისინი კონკრეტული კლინიკისთვის მუშაობენ და მათი გაყიდვების ოფისს წარმოადგენენ. ისინი დაინტერესებულ პირებზე თავიანთ მომსახურებას ყიდიან. როცა ამ მიმართულების განვითარებაზე ფიქრი დავიწყეთ, ჩვენი მთავარი ნიშა იყო და არის, რომ - ჩვენ არ გავყიდით, ჩვენ ვიყიდით. ჩვენ არ ვართ არც ერთი თურქული კლინიკის წარმომადგენელი საქართველოში. შესაბამისად, არცერთი კონკრეტული კლინიკის სერვისს არ ვყიდით. არც ერთი კლინიკისთვის პაციენტის მიყვანა არ არის ჩვენი ინტერესი. როცა თურქეთში დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით პაციენტი მოგვმართავს, ჩვენ შევისწავლით მის საჭიროებებს, უფასოდ ვთარგმნით მის სამედიცინო დოკუმენტაციას, ვაგზავნით თურქეთში რამდენიმე კლინიკაში, ვეცნობით კლინიკებიდან შემოთავაზებულ პირობებს, პაციენტთან ერთად ვარჩევთ მისთვის საუკეთესოს და ამის შემდეგ - სრულად ვგეგმავთ მის სამკურნალო ვიზიტს თურქეთში. ჩვენთვის მომართვიდან - მკურნალობის დასრულებამდე, არც ერთ ეტაპზე არ წყდება ჩვენი ჩართულობა ამ ჯაჭვში. ამისთვის კი წინასწარ მოვიძიეთ თურქეთში, ვესტუმრეთ და დავუმეგობრდით თურქეთის ქალაქებში მრავალ სამედიცინო ცენტრს. ხელშეკრულებები დავდეთ ასევე ავიაკომპანიებთან, სასტუმროებთან და მათგან ჩვენი პაციენტებისთვის, განსაკუთრებული, ხელმისაწვდომი პირობები ექსკლუზიურად მივიღეთ. ჩვენი მადლიერი პაციენტების უკუკავშირი კი მათთვის უკეთესი პირობების მოძიების ვალდებულებას გვმატებს და ვცდილობთ, ამ გამოწვევას თავი ღირსეულად გავართვათ. სტატისტიკურად, ყველაზე მეტად ონკოპაციენტები მოგვმართავენ. სწორედ მათთვის, ონკოპაციენტებისთვის, ექსკლუზიური ფასი გვაქვს თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკაში ვიზუალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ PET -CT სკანირებაზე. PET-CT ყველაზე ეფექტურად გამოიყენება სიმსივნეთა დროული დიაგნოსტირებისთვის. ის ზუსტად განსაზღვრავს სიმსივნის გავრცელების ხარისხს. მისი მეშვეობით ხდება სხივური თერაპიის დაგეგმვა და მკურნალობის დანიშვნა. რაც შეეხება ფასებს, გეტყვით მხოლოდ ერთ მაგალითს, ET-CT სკანირება თურქეთში, ქ. სტამბოლში, 250$-ადაა შესაძლებელი, საქართველოში 2000 ლარზე მეტი ღირს, - ეუბნება "კომერსანტს" ეკა ხორგუანი და იქვე დასძენს, რომ ონკოსერვისი შემდეგ, ყველაზე მაღალი მომართვიანობა ფიქსირდება შემდეგ რეპროდუქციულ ცენტრებზე. რაც შეეხება ფასს, თურქეთში ამ ტიპის მკურნალობა ქინგ ტურის დახმარებით 4500$ ჯდება, რომლის გადახდაც პაციენტს უწევს მთელი 1 თვის მანძილზე სრულად და მოიცავს მანიპულაციასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ხარჯს. ხორგუანი ამბობს, რომ საქართველოში უშვილობაზე მკურნალობაც ბევრად ძვირი ჯდება.



მედიცინის აკადემიკოსი თენგიზ ვერულავას ვკითხეთ, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ის პრობლემები, რაც ქართულ მედტურიზმს აფერხებს. მისი მტკიცებით, სამედიცინო ტურიზმი საქართველოში მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. მიზანშეწონილია სამედიცინო ტურიზმის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების დანერგვა, სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ფორუმებზე უფრო აქტიური მონაწილეობის მიღება, ერთობლივი სამედიცინო ორგანიზაციების შექმნა უცხოური კომპანიების მონაწილეობით, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ არსებულ კერძო კლინიკებს სამედიცინო მომსახურების ღირებულების თვალსაზრისით. სწორი პოზიციონირების პირობებში სამედიცინო ტურიზმს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა შეუძლია მთელი წლის განმავლობაში და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდეს ქვეყანაში.



"სამედიცინო ტურიზმის სფეროში არსებული ძლიერი კონკურენციის გამო, საქართველოსთვის უფრო რეალურია ვიწრო, სპეციფიკური სერვისების შეთავაზება, რომლებსაც არ სჭირდება დიდი ინვესტიციები. გარკვეულ, სპეციფიკურ სერვისებზე დაბალი ფასების დაწესებითა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შესაძლებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვა. ამ კუთხით იგი შეიძლება საინტერესო გახდეს, თუნდაც რეგიონული მასშტაბით. ბევრ ქვეყნებში სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით არ არის მოცული ისეთი სერვისები, როგორიცაა ესთეტიკური მედიცინა, სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურების ბევრი სახეები... საქართველოში თუ იქნება სათანადო სტანდარტის და ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ცხადია, შედარებით დაბალ ფასად, უცხოელი მოქალაქეები შეეცდებიან აქ ჩაიტარონ სასურველი სამედიცინო მომსახურება. აუცილებელია გაუმჯობესდეს საგზაო სისტემა, განსაკუთრებით მაღალმთიან და შედარებით ძნელად მისადგომ ადგილებში, რადგან სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი სწორედ მაღალმთიან რეგიონებშია თავმოყრილი. აუცილებელია სამარშრუტო ქსელის გაფართოება და მაღალმთიან რეგიონებში პირდაპირი მარშრუტების დანიშვნა; მიზანშეწონილია შიდასაქვეყნო, რეგიონთაშორისი ავიარეისების დანიშვნა, ასევე საზღვაო რეისების აღდგენა ვიზიტორების ტრანსპორტირებისა და გასეირნებისათვის. საჭიროა სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის შესახებ სრული საინფორმაციო ელექტრონული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება. მასში ასახული უნდა იყოს მსხვილი სამედიცინო დაწესებულებების, კლინიკური ცენტრების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (მათი მომსახურების სახეები და ფასები), რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ მცხოვრებისათვის. სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია სამედიცინო ტურიზმის განსახორციელებლად შერჩეული სამედიცინო მომწოდებლების მოქცევა ერთიან მარეგულირებელ სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ჩვეულებრივი ტურიზმისაგან განსხვავებით, სამედიცინო ტურიზმი მოითხოვს სამედიცინო სფეროში არსებული თავისებურებების გათვალისწინებას. ამ მხრივ, მიზანშეწონილია ჩატარდეს სამედიცინო ტურიზმის შესახებ ტრენინგ კურსები, რომელიც ჩაუტარდებათ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პერსონალს, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს. მიზანშეწონილია უცხოელი პაციენტებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, კერძოდ, მათთვის, ასევე თანმხლები პირებისათვის, რომლებიც გეგმავენ საქართველოში მკურნალობას, სავიზო შეღავათების დაწესება ან სავიზო მოსაკრებლისაგან განთავისუფლება," - აცხადებს აკადემიკოსი.



ცნობისთვის, საქართველოში შესაძლებელია სამედიცინო ტურიზმის ისეთი სპეციფიკური სახეების განვითარება, როგორიცაა, კლიმატური (მთის, ზღვის სანაპირო, ტყის და ველის კურორტები) და ბალნეოლოგიური კურორტები (სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო). ისინი ოდითგანვე წარმოადგენდნენ ქვეყნის ტურისტულ ღირსებას. ქვეყანაში კურორტების განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ამ პერიოდში დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი ბორჯომსა და აბასთუმანში, ხოლო მოგვიანებით მე-19 საუკუნის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე. საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო როგორც ერთ–ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები. კლიმატურ კურორტებს შორის შეიძლება გამოვარჩიოთ: ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, აბასთუმანი, ახტალა, ბაკურიანი, ბათუმი, ბახმარო, მწვანე კონცხი, ნაბეღლავი, საირმე, პატარა ცემი, სურამი. ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის აღსანიშნავია თბილისი, ბორჯომი, საირმე, წყალტუბო, ნუნისი, ურეკი, გრიგოლეთი, უწერა, ცაიში, ციხისძირი, ცემი, წაღვერი, შოვი, ჯავა და სხვა მრავალი. მთის ჰავა გამოირჩევა სუფთა ჰაერით, მზის, განსაკუთრებით – ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაციით, დაბალი ბარომეტრული წნევით და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობით. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას; ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ინფექციური პათოლოგიების მიმართ; ამ ფაქტორის გამო მთის კურორტებზე დასვენება ახდენს მატონიზირებელ და გასაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. შავი ზღვის კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკულია. ზღვის ჰავას გააჩნია სამკურნალო თვისებები. იგი წარმატებით გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის სამკურნალოდ. ზღვისპირა კურორტებიდან თავისი მნიშვნელობით, მაგნიტური ქვიშებითა და დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის შესანიშნავი კლიმატური პირობებით გამოირჩევა ურეკი. ურეკის დადებითი სამკურნალო ფაქტორებიდან შეიძლება, გამოვყოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცენტრალური ნერვული სისტემის, ფუნქციური დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სხვა დაავადებათა სამკურნალო ეფექტი. საქართველოში, დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია გაზიანი მინერალური წყლები. ასეთი წყლები საჭმლის მონელების სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება. მინერალური წყლების კურორტებიდან შეიძლება დავასახელოთ ბორჯომი, საირმე, ლებარდე, უწერა, შოვი. ტალახით სამკურნალო კურორტებიდან გამოირჩევა ახტალა, რომლის ფსევდოვულკანურ სამკურნალო ტალახს იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისთვის. ახტალაში იკურნება მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები.



ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up