რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გადაცემის ავტორმა და ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე, სამედიცინო პერსონალზე, როგორც ადამიანურ და ინტელექტუალურ კაპიტალზე და უბედური შემთხვევების დროს ექიმების უფლებებზე ისაუბრეს, რაც ხშირად უაპელაციოდ ირღვევა. ლევან კობერიძის თქმით, როგორც კი რამე არ მოგვეწონება მაშინვე ექიმი დამნაშავედ გამოცხადება, კატეგორიულად მიუღებელია.
„როგორც კი რამე არ მოგვეწონება მაშინვე ექიმი გამოცხადდეს დამნაშავედ, კატეგორიულად მიუღებელია და ამის არც მოწინავე ქვეყნების პრაქტიკა არ არსებობს. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო ყველას ერთად - ექიმებს, კანონმდებლებს, მთავრობას, სამინისტროს და საზოგადოებას. ეს ადამიანი მედიაში უაპელაციოდ დამნაშავე ხდება. უცხოური პრაქტიკა ასეთ დროს გაცილებით ზომიერი და შედეგზე ორიენტირებულია,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
ანდრია ურუშაძის თქმით, შეცდომის კრიმინალიზაცია გამოსავალი არ არის და ყველა შეცდომის მეცნიერულ საფუძველზე განხილვა უნდა ხდებოდეს.
„საბჭოს ვხელმძღვანელობდი და ძალიან მძიმე შემთხვევებს ვიხილავდი, სადაც აშკარად იყო ექიმების არაპროფესიონალიზმი და ბევრჯერ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდა, მაგრამ შეცდომის კრიმინალიზაცია არ არის გზა. უცხოეთში შეცდომების ანალიზი ხდება და შეცდომებზე სწავლობენ. ჩვენთან შეცდომებს მალავენ, რომ ამ შეცდომებმა რეპრესიული ნაბიჯები არ გამოიწვიოს. რაც ყოველთვის დიდი შეცდომა და ბარიერი იყო ჩვენი სისტემისთვის. ნებისმიერი მკურნალობის და ოპერაციის დროს ყოველთვის არსებობს პროცენტი, როცა ექიმი უძლურია დაეხმაროს პაციენტს. ასეთი შემთხვევების ანალიზი უნდა ხდებოდეს პროფესიული თვალსაზრისით და ეს უნდა იყოს განვითარებისთვის გამოყენებული. ჩვენთან ისიც ვერ მოხერხდა, რომ სერიოზული ყურადღება დაგვეთმო პათანატომიური სამსახურისთვის, ყველა შეცდომის მეცნიერულ საფუძველზე განხილვა რომ მოხდეს,“ - აცხადებს ანდრია ურუშაძე.
ანდრია ურუშაძის თქმით, ხშირად ყველაზე მეტად მედიისგან დასაცავი სწორედ ექიმები არიან. რადგან სამედიცინო პერსონალის პროფესიული იმიჯი და რეპუტაცია ხშირად ერთი არასწორი სიუჟეტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„არავინ არაა დამნაშავე, სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს და არც ექიმები უნდა იყვნენ გამონაკლისები. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის დაცვის უფლება. ჟურნალისტებისგან მარტო დეპუტატები კი არ უნდა დავიცვათ. დეპუტატები უნდა იყვნენ ბოლო რიგში, ვინც მედიისგან უნდა დავიცვათ. ჟურნალისტებისგან და არასწორად გაშუქებული მოვლენებისგან, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ექიმები. ხშირად სამედიცინო პერსონალის პროფესიული იმიჯი და რეპუტაცია ერთი არასწორი სიუჟეტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.