ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო საკლუბო სექტორმა ორი დღის წინ კლუბების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „კომერსანტთან“ ღამის კლუბ „ხიდის“ მენეჯერმა სოფო ებრალიძემ თქვა, “ხიდს“ აღარანაირი რესურსი აღარ შერჩა იმისთვის, რომ თანამშრომლებს კლუბების კვლავ გახსნამდე მათთან დარჩენა მოსთხოვოს. მისივე თქმით, ფინანსური დახმარებისთვის “ხიდი“ შესაბამის უწყებებს აუცილებლად მიმართავს.
„ჩვენ აუცილებლად უნდა მივმართოთ, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ, რადგან ჩვენ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ თანამშრომლები შევაჩეროთ და ვუთხრათ, რომ გახსნამდე დაგველოდონ. ეს ადამიანები თუ სხვა სამსახურებში წავლენ, მერე უკვე ჩვენთვისაც რთულდება საქმე. მოგვიწევს კადრების თავიდან მოძებნა, რაც ყველაზე მთავარია ეს ადამიანები უკვე წლებია ჩვენთან მუშაობენ და ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ფინანსური დახმარების კუთხით მთავრობას ჯერჯერობით ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია“, — აღნიშნა სოფო ებრალიძემ.
ებრალიძის თქმით ის კვლევა, რომელიც კლუბებმა დელტა შტამის დროს ჩაატარეს და რომელმაც 0.55%—იანი გავრცელება უჩვენა, “ომიკრონის“ შემთხვევაში არარელევანტურია, შესაბამისად მოუწიათ მუშაობა დროებით შეეჩერებინათ, თუმცა ებრალიძე “კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ „ხიდი“ სატესტო ღონისძიებას ჩაატარებს და გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ახლა ვირუსი ძალიან მოდებულია და შესაბამისად ის კვლევები, რომლებიც ჩვენ “დელტა“ შტამის დროს ჩავატარეთ და 0.55%-იანი გავრცელება მივიღეთ, „ომიკრონის“ შემთხვევაში არარელევანტურია. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ პირობებშიც ჩავატაროთ ტესტ ივენთი და ამის მერე შევხედავთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, — აღნიშნა სოფო ებრალიძემ.
ებრალიძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა თანამშრომლების შენახვისა, ღამის კლუბ “ხიდს“ როგორც საბანკო ვალდებულება, ასევე კლუბის დაცვის და შენახვის ხარჯები აქვს, რაც ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება.
„გარდა თანამშრომლების შენარჩუნებისა, კლუბს ძალიან მძიმე ხარჯები აქვს. მაგალითად ტექნიკური ნაწილი, რომელიც იცვითება და შენახვა უნდა, კლუბის დაზღვევის ხარჯი, დაცვის ხარჯი და ა.შ. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს საბანკო ვალდებულება, რომელიც ჩვენთვის უმძიმესია. უბრალოდ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ჩვენი მხრიდან გონივრული იყო, თუმცა აღარ იქნება ისე, როგორც წინაზე მოვიქეცით, 22 თვე გახსნას ვეღარ დაველოდებით — ეს გამორიცხულია, როგორც კი დასტაბილურდება სიტუაცია, ჩვენ კლუბის კარს აუცილებლად გავხსნით“, — აღნიშნა სოფო ებრალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბებმა 2022 წელს მუშაობის უფლება სულ რამდენიმე დღე ჰქონდათ. 22 თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, პირველად კლუბების მუშაობა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე იყო დაშვებული. მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით, ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებს მუშაობის უფლება კვლავ მიეცათ. აღსანიშნავია, რომ 22-თვიან შეზღუდვის დროს, ღამის კლუბმა “ხიდი“ სატესტო ღონისძიება ორჯერ ჩაატარა.
თაკო კვაჭანტირაძე