თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერიის სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას ადასტურებს ისთ ფოინთიც და პროექტის დამატებითი დეტალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ისთ ფოინთში ახალი ამბავი გვაქვს! ვიწყებთ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და სულ მალე მიუსაფარი ძაღლებისთვის ევროპული სტანდარტის, კომფორტულ თავშესაფარს, “ბრუნოს” ავაშენებთ. თავშესაფარი გათვლილია 150 ძაღლისთვის, მათი მოვლისა და ყველანაირი სამედიცინო პროცედურით უზრუნველყოფისთვის. მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვას “ბრუნო” 2025 წლიდან შეუდგება.
„ბრუნოს“ მშენებლობა ისთ ფოინთის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ, რომ ისთ ფოინთის ბინადარი ცუგები კვლავინდებურად ჩვენს სივრცეში დარჩებიან და მათზე ზრუნვას ჩვეულებრივ განვაგრძობთ.
პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მერიას,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.