უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტი ორი წელი გაგრძელდება და 2023 წლისთვის დასრულდება, მისი ღრებულება 30 მლნ ლარამდეა.
პროექტის პრეზენტაცია დღეს, 29 სექტემბერს დედაქალაქის მერმა გამართა. კახა კალაძემ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდა როგორც ხიდის მშენებლობის, ასევე მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების თაობაზე.
„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი აშენდება საფეხმავლო ხიდის გვერდით. ხიდი დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი და ოთხზოლიანი იქნება. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი კვანძი უნივერსიტეტის ქუჩაზე და ბაგები-წყნეთის გზაზე, რის შედეგადაც, ის საცობები, რაც დღეს გვაქვს თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე წყნეთიდან ჭავჭავაძის მიმართულებით, განიტვირთება და მოძრაობა უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდი იმ პროექტებს შორის, რომლებიც მერიას გასულ წლებში უნდა დაეწყო, მაგრამ კალაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში პროექტი დროებით შეჩერდა. თბილისის მერმა პირობა დადო, რომ ეს პროექტები აუცილებლად განხორციელდება.
პროექტის დეტალებზე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც. მისი თქმით, ხიდის მშენებლობის პარალელურად დაიგეგმება და განხორციელდება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც.
„ეს ხიდი, თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ხიდი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად მოდერნიზებული და ადაპტირებული იქნება ყველასთვის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისთვის, ასევე, ქვეითებისთვის და ველოსიპედებისთვის. როდესაც ამ ხიდის სამუშაოები დასრულდება, აუცილებელი არის, რომ უნივერსიტეტის ქუჩა ამ პროექტს მოდერნიზებული სახით დახვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.