„როსკოსმოსი“ ბაიკონურის კოსმოდრომიდან კოსმოსური ხომალდის „Союз МС-19“ გაშვების ღონისძიებაზე დასასწრებად Space X-ის შემქმნელის ილონ მასკის, Blue Origin–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისა და Virgin Galactic რიჩარდ ბრენსონის მიწვევას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სახელმწიფო კორპორაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.
„დღეს მოწვევას ვუგზავნი ბატონ ილონ მასკსაც, რომელსაც ჩვენ რუსეთში პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბატონი ბრენსონისა და ბატონი ბეზოსის მოწვევას“, – ამბობს „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი.
როგოზინმა ბიზნესმენებს „კოსმოსის ენთუზიასტების შესანიშნავი სამეული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათი სტუმრობა კოსმისის უნიკალურობის სიმბოლო გახდება, რომელიც უნიკალურ ადამიანებს აერთიანებს, მიუხედავად საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული სირთულეებისა.
ხომალდის „Союз МС-19“ სტარტი 5 ოქტომბერსაა დაგეგმილი და „როსკოსმოსი“ ამ ხომალდით ფილმის „გამოწვევა“ გადამღებ ჯგუფს გაუშვებს.
მანამდე, გასული წლის მაისში NASA-მ განაცხადა, რომ ილონ მასკთან ერთად ტომ კრუზის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს. გადაღებები, მათ შორის, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც უნდა ჩატარდეს. მსახიობი კოსმოსში ოქტომბერში უნდა გაფრინდეს, წერდა Screenrant.
„ბატუტი მუშაობს“
დმიტრი როგოზინის ამერიკის კოსმოსური დარგისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია ბოლო 7 წლის განმავლობაში. 2014 წლის აპრილში, როდესაც ის რუსეთის ფედერაციის ვიცე–პრემიერი იყო და კოსმონავტიკის განვითარების მიმართულებას კურირებდა, Twitter–ზე დაწერა, რომ რუსეთმა შესაძლოა უარი თქვან ამერიკელი კოსმონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაყვანაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონმა კრემლს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესა. კოსმოსურ სადგურზე მოსახვედრად მაშინ როგოზინმა ამერიკელებს ბატუტის გამოყენება ურთია.
2020 წლის 30 მაისს, როდესაც წარმატებით განხორციელდა ილონ მასკის პილოტირებადი Crew Dragon–ის გაშვება, პრეს–კონფერენციაზე როიტერის მიერ დასმულ კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა საუბარი პროექტის თემაზე „როსკოსმოსთან“, ილონ მასკმა განაცხადა „ბატუტი მუშაობს“.