საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გაუმჯობესებას, ხოლო რეიტინგის უცვლელად, BB დონეზე დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა".
მისივე თქმით Fitch-ის მხრიდან მნიშვნელოვანი და ლოგიკური შეფასებაა, თუ როგორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო პანდემია, პანდემიის შემდგომი პერიოდი და რეგიონში მიმდინარე ომის პერიოდი.
„სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში აბსოლუტურად სწორად არის აღნიშნული ის დადებითი მომენტები, რაც გულისხმობს სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარებას ეროვნული ბანკის მიერ, დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირებას.
ამასთან, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყნის ფინანსები იყოს მდგრადი და ამავდროულად, დაეხმაროს ინფლაციის შემცირებას.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ლოგიკური ნაბიჯი იმისკენ, რომ მომავალში ქვეყნის სუვერენული რეიტინგი კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესდეს, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე. ესეც აუცილებლად მოხდება და როგორც ადრე აღმინიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართვლოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.