მთავრობის უუნარობის გამო დიდი ალბათობით ქვეყანას ვერ ასცდება ამა თუ იმ სიმკაცრის ხელახალი შეზღუდვები. ეს კი ჯარიმების გარეშე უაზრობაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, ასეთი ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის, კრიზისების დროს კი ორმაგი საფრთხე.
"დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა, რადგან შეამჩნიეს, რომ თანამშრომელს ჰკოცნიდა. ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა? მაგრამ აქ სხვა რამეში ყოფილა საქმე-პანდემიის დროს დაწესებული წესები დაარღვია. დისტანცია არ დაიცვა, პირბადე არ ეკეთა. აბა, პირბადეში როგორ იკოცნავებდნენ? ისე, საინტერესოა, პირბადეში რომ ეკოცნა, როგორ იქნებოდა საქმე-ჩაეთვლებოდა თუ არა წესების დარღვევად?
იმ ქვეყანაში მინისტრი ფაქტობრივად დააჯარიმეს - პოლიტიკური ფასი გადაახდევინეს. ჩვენი მთავრობა როგორ იქცევა? გინდ გიკოცნიათ და გინდ კომენდანტის საათი დაგირღვევიათ, მაინც არაფერი გემუქრებათო, უთხრეს ხალხს. 245 ათას ადამიანს ჩამოაწერეს ჯარიმა წინასაარჩევნოდ. ივანიშვილს მაინც გადაეხადა, ცოტა ფული მაინც შევიდოდა ბიუჯეტში. რომ გადაევადებინათ ამ უფულობაში, კიდევ შეიძლება გაგებით მოკიდებოდა ის ათასობით კანონმორჩილი მოქალაქე (მთავრობის წარმოდგენით, ბრიყვები), რომლებმაც უკვე გადაიხადეს ჯარიმები.
ქვეყნის მოსახლების 97,6 პროცენტი არაა აცრილი. 4 მილიონი ცალი ვაქცინის შემოტანის შესახებ მთავრობის ბაქი-ბუქის არავის სჯერა. მთავრობის უუნარობის გამო დიდი ალბათობით ქვეყანას ვერ ასცდება ამა თუ იმ სიმკაცრის ხელახალი შეზღუდვები. ეს კი ჯარიმების გარეშე უაზრობაა. ჰო და, როცა ამის გაკეთება მოუწევთ, რას იტყვიან, ფორმალურად გაჯარიმებთ, მერე მაინც ჩამოგაწერთო? თუ ის ჩამოწერა ბოლო პატიება იყო და მორჩაო? აბსურდია!
ასეთი ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის, კრიზისების დროს კი ორმაგი საფრთხე.
Ipn.ge