გაზრდილი ტვირთნაკადის ფონზე, საქართველო საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის თაობაზე ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. როგორც „კომერსანტს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, საქართველოს მიმართულებით არსებული ტვირთნაკადების, ასევე საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე მგზავრთა მოთხოვნების და გადამზიდველების წინადადებების შესწავლის საფუძველზე, სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს მოლაპარაკებებს “საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფორმების თაობაზე პარტნიორ ქვეყნებთან.
„სააგენტოს აქტიური მონაწილეობით ბოლო პერიოდში მომზადდა საავტომობილო მიმოსვლის სფეროში საქართველოს მთავრობათაშორისი შეთანხმებების პროექტები კვიპროსის რესპუბლიკასთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, სლოვენიის რესპუბლიკასთან, თურქმენეთთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, თურქეთის რესპუბლიკასთან (ახალი ვერსია), მონღოლეთთან და სერბეთთან.
სისტემატურად იმართება საერთაშორისო დონის შეხვედრები საავტომობილო მიმოსვლის სფეროში პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ წარმომადგენლებთან ორმხრივი შერეული კომისიის ფორმატში. 2021-2022 წლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები თურქეთის, ყაზახეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებთან. ასევე, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება შეხვედრები სერბეთთან და ლიეტუვასთან“, აცხადებენ სააგენტოში.