როგორი იყო 2022 წელი Beko-საქართველოსთვის და რა მოლოდინები და გეგმები აქვს კომპანიას 2023 წელს. „Beko-საქართველოსთვის“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა გასული წელი „კომერსანტის დილაში“ შეაჯამა.
„2022 წელი კარგად დავხურეთ, დაახლოებით 20%-მდე ზრდა გვქონდა, ზრდა გვქონდა გასულ წლებშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ, 2022 წელი Beko-ს 25 წლის იუბილე იყო და კარგი აქციები გვქონდა მომხმარებლებისთვის, რაც აისახა რაალიზაციაზეც,“ - განაცხადა მეჰმეთ მელექმა.
სტაბილური ზრდის ფაქტორებად მეჰმეთ მელექი ლარის გამყარებას, პანდემიის დასრულებას და ქვეყანაში ბევრი უცხოელი შემოსვლის შედეგად უცხოური ვალუტის შემოდინებას ასახელებს.
მისი თქმით, გასულ წელს მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო პირველ კვარტალში გარკვეული ფასების ზრდა იყო, თუმცა შემდგომ სიტუაცია ამ მხრივ დასტაბილურდა და წლის განმავლობაში ფასნამატი მხოლოდ 3-5% მდე იყო.
რაც შეეხება იმას, თუ რომელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ლიდერობს გაყიდვების მხრივ, მეჰმეთ მელექი ამბობს, რომ ლიდერების სამეულს ახალი წევრი ჰყავს ჭურჭლის სარეცხის მანქანის სახით.
„ლიდერობს სარეცხის მანქანა, მეორე ადგილზეა მაცივარი, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნაა ჭურჭლის სარეცხის მანქანაზე, რომელიც ამ მხრივ უკვე მესამე ადგილზეა. გაზრდილია დიდი მოცულობის სარეცხის მანქანებზე და მაცივრებზე მოთხოვნა,“- აცხადებს მელექი და პარალელს ტექნიკაზე გაზრდილ მოთხოვნასა და უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნას შორის ავლებს.
რაც შეეხება იმ გამოწვევებს რომელიც სექტორს 2022 წელს ჰქონდა, მეჰმეთ მელექის თქმით, ასეთი იყო კადრების დეფიციტი და იჯარის გაზრდილი ფასები. Beko-საქართველოსთვის გენერალურმა დირექტორს მოლოდინი აქვს, რომ კადრების დეფიციტი წელსაც გამოწვევად დარჩება. როგორც მან კომერსანტის ეთერში განაცხადა, კომპანია ღიაა თანამშრომლობისთვის და მუშაობის მსურველებს კომპანიასთან დაკავშირება ტელეფონის ნომერზე შეუძლიათ.
მეჰმეთ მელექის თქმით, 2023 წელს იგეგმება, როგორც ახალი მაღაზიების, ასევე ახალი სერვისცენტრების გახსნა და ახალი ბრენდების შემოტანა. მეჰმეთ მელექმა იმედი გამოთქვა, რომ გაყიდვების ზრდა და ფასების სტაბილურობა 2023 წელსაც შენარჩუნდება.