რუსეთის რუბლი ძველ კურსს დაუბრუნდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. კურსი რეალური არ არის, - ასე ფიქრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოდნავ შეარბილა შეზღუდვები და ფიზიკურ პირებს კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტის ყიდვის ნება დართო. ასევე ნება დართო გამოიტანონ ფული უცხოურ ვალუტაში განთავსებული საკუთარი ანაბრებიდან. კვლავ აკრძალულია 10 ათას დოლარზე მეტის გამოტანა.
"როცა დოლარზე მოთხოვნა ხელოვნურად შეზღუდულია( რაც ზემოთ ვახსენე მხოლოდ ერთ-ერთი და ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორია სხვა აკრძალვებთან შედარებით), გამყარდება რუსული რუბლი, აბა რა იქნება. სინამდვილეში ეს დროებითია და ვერ გადაწყვეტს სანქციებით წარმოქმნილ ვერცერთ პრობლემას-რუსეთში სიღარიბის ზრდა და ეკონომიკის დაცემა გაგრძელდება," - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
გოცირიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთს ეკონომიკური კრახი ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ რუბლი მყარდება.
"პარადოქსია არა? ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვალუტის გამყარება ცუდი მოვლენების გამოძახილია, ვიდრე კარგის. რუსული რუბლი მთლიანად დარეგულირებულია, როგორც გვიყვარს თქმა, “ხელოვნური კურსია”. უცხოური კაპიტალის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი რუსული კომპანიები და უცხოური კომპანიები ჩამოცილებული არიან სავალუტო და საფონდო ბაზარს. კაპიტალის გატანა აკრძალულია, ვალუტის გადარიცხვაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული და ლიმიტებია დადგენილი, ექსპორტიდან ამონაგები ვალუტის 80 პროცენტი აუცილებლად უნდა გაიყიდოს ბირჟაზე და რაც მთავარია, სანქციების გამო რუსეთის იმპორტი არნახულად შემცირდება( ანუ ვალუტის შეძენა არ დასჭირდებათ იმპორტიორებს). პლიუს, ნავთობზე და გაზზე მზარდი ფასები ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით უზრუნველყოფს მიმდინარე ანგარიშის დადებით სალდოს. მოკლედ, “მყარი” რუბლის პირობებშიც იქნება სიღატაკე, ინფლაცია და ეკონომიკის ვარდნა, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური იზოლაცია. რუსეთი არასდროს იქნება თუნდაც ის რაც იყო. პუტინი რომ მოკვდება, მერე რა იქნება, ამაზე ახლა არ მოვცდეთ," - წერს გოცირიძე.