მდიდარ რუსებს თავისი შემოსავლის მეოთხედი გადასახადის სახით უნდა დაებეგროთ. ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის დუმის საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხაილ შჩაპოვმა გამოცემა Ura.ru–სთან საუბარში.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
დეპუტატის თქმით, ეს ცვლილება იმ ადამიანებს უნდა შეეხოს, ვინც 10 მლნ რუბლზე მეტს გამოიმუშავებს. შჩაპოვმა დასძინა, რომ „მდიდრების ზემოხმარება“ შეჭირვებულთა აღშფოთებას იწვევს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსი მილიონერებისგან გადასახადების ამოღება 200%–ით გაიზარდა.
შჩაპოვის თქმით, რუსეთისთვის დიდი ხანია დგას ფიზიკური პირებისთვის პროგრესირებადი საგადასახადო განაკვეთის შემოღების აუცილებლობა. მისივე თქმით, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს გადასახადი საერთოდ უნდა გაუუქმდეთ.