რუსების და ბელარუსების მხრიდან საქართველოში ბინის დაქირავების ვადები გაზრდილია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ უძრავი ქონების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა და კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი კომპანიის მაგალითზე, იგივე რუსებისა და ბელარუსების მხრიდანაც, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა კონტრაქტები უქმდება, ან ირღვევა. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ფაქტები ხდება და მოგეხსენებათ, კანონი საქართველოში ამ მხრივ ძალიან სუსტია და ნაკლებად იცავს გამქირავებლის უფლებებს და პროცედურულად ძალიან რთულია.
ამ ეტაპზე ასეთი ტენდენციაა, თუ ომის პირველ ეტაპზე 2-6 თვით ეძებდნენ ბინებს, ახლა ერთი წლით და მეტით დებენ კონტრაქტებს. როგორც აღვნიშნე, კონტრაქტის დარღვევა ჩვენი დამქირავებლების მხრიდან დიდი იშვიათობაა“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ვაჟა მებაღიშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, განსაკუთრებით, ახლა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ბინის გაქირავებას ეხება. თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყნაში რუსეთის და ბელარუსის ბევრი მოქალაქეა ჩამოსული. ჭარბი მოთხოვნის ფონზე, იზრდება ფასები.
ინფორმაციისთვის, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 69%-ით არის გაზრდილი.