ევროკავშირმა შენგენის ვიზების გაცემა უნდა შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა იქ ვლადიმირ პუტინისადმი ოპოზიციურად განწყობილთა მაქსიმალური რაოდენობა დარჩეს. ასეთი განცხადება გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მინისტრის თქმით, „დემოკრატიული რუსეთის“ მშენებლობა მოხდება ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური ცვლილებების მამოძრავებელ ძალად კი სწორედ რუსეთის ოპოზიციონერები იქცევიან.
ლანდსბერგისის გამონათქვამებზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ ვიზები არ უნდა გაეცეს რუსეთის ოპოზიციას - ‘ისხდნენ ქვეყანაში და მოამზადონ ცვლილებები’. ისხდნენ? კეთილმა ლანდსბერგისმა მკაფიოდ მონიშნა ‘მხარდაჭერა’“, დაწერა ზახაროვამ Telegram-ში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა ქვეყანა - მათ შორის, სისხლის სამართლის დევნის საფრთხის გამო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახან კვლავ მოუწოდა ევროკავშირს, ვიზები გაუუქმოს რუსეთის მოქალაქეებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთში დევნიან, ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შესთავაზა.
ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ჩეხეთმა ჯერ კიდევ ზელენსკის მოწოდებამდე შეწყვიტეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ესტონეთმა ასევე გამოაცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ.
ევროკომისიამ გამორიცხა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე სრული უარი, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებს.
შენგენის ვიზებზე უარის საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. შეზღუდვები შესაძლოა შევიდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტში.