რუსეთის ძალებმა გაზსადენი ააფეთქეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში - იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.
სახელმწიფო სამსახურების ცნობით, აფეთქებამ, რომელიც სოკოს ფორმის ღრუბელს ჰგავდა, შესაძლოა კატასტროფული ზიანი მიაყენოს გარემოს. უკრაინის მოსახლეობას ურჩევენ ფანჯრები ნესტიანი ნაჭრებით დაფარონ და ბევრი სითხე მიიღონ.
უკრაინის მთავარი პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა ვერ შეძლეს ხარკოვის დაკავება, სადაც ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. 1,5 მილიონი მოსახლის მქონე ქალაქი 40 კილომეტრითაა მოშორებული რუსეთის საზღვარს.
ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ორი მძლავრი აფეთქება მოხდა კიევიდან სამხრეთით, დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ვასილკოვში, სადაც დიდი სამხედრო საფრენი ბაზა და ტანკებია განთავსებული. უკრაინის რადამ მოსახლეობას ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდა საგანგებო განცხადებით, რადგან ვასილკოვში ნავთობის დეპოში ხანძარი გაჩნდა და ქარს, შეიძლება, კვამლი და მავნე ნივთიერებები გაევრცელებინა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. რუსეთის არმია უკრაინის დედაქალაქს და მსხვილ ქალაქებს უტევს - ბომბავს ჰაერიდან, იმართება შეტაკებები ხმელეთზეც, ქალაქებში, სადაც რუსული სამხედრო დესანტებია გადასხმული.
წყარო: "რადიო თავისუფლება"