რუსეთის საელჩოს განცხადებით, უკრაინაში აშშ-ს მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ების გადაცემამ შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს და ეს თეთრი სახლის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი იქნება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო საინფორმაციო კამპანია იმის შესახებ, თითქოს კიევში მაღალტექნოლოგიური საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა გაიგზავნოს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ ჩვენ აშშ-ს ადმინისტრაციის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის მომსწრე გავხდებით, რამაც შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს, “ - აცხადებენ რუსეთის საელჩოში.
რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები უფრო და უფრო მეტად ერთვება უკრაინის ომში და თავისი ქმედებებით უზარმაზარ ზიანს აყენებს არა მხოლოდ რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ დამატებით რისკებს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენტაგონი უკრაინაში სარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ების გაგზავნას გეგმავდა.
რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა Twitter-ზე ფილმ „პატრიოტის“ პოსტერი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიამოვნებით გადაავლებდა თვალს ამერიკულ კინოკლასიკას.
მეორე დღეს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, სადაც უპირატესობა საჰაერო თავდაცვას მიანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში რუსეთი შეერთებულ შტატებს უკვე დაემუქრა - თუ ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემდა, აშშ „კონფლიქტის“ მხარე გახდებოდა.