ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი მიიჩნევს, რომ რუსეთი ორგანიზაციის წევრად უნდა დარჩეს, რადგან ერთ დღეს კავშირის არხები ისევ საჭირო გახდება. როგორც DW წერს, ამის შესახებ შმიდმა განაცხადა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში. ეუთოს რუსეთის გარიცხვისკენ უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს.
გენერალური მდივნის თანახმად, დიპლომატიური არხების შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ ეუთო მოსკოვის პოზიციას იზიარებს. შმიდის თქმით, ეუთო უსაფრთხოების სფეროში ერთადერთი ორგანიზაციაა, სადაც ერთ მაგიდასთანაა ყველა, ვინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ეუთო ცივი ომის პერიოდში შექმნეს სახელმწიფოებმა, რომლებსაც განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ, მაგრამ ესკალაციის აღკვეთისკენ ისწრაფოდნენ. შმიდის განცხადებითვე, განსხვავებით ევროპის საბჭოსგან, ეუთოს არ აქვს ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის მექანიზმიც.
ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში 57 ქვეყანაა. რუსეთს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდეც, არაერთხელ დაუბლოკავს ეუთოს გადაწყვეტილებები. მათ შორის ამ ორგანიზაციის მისიის საქმიანობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.