ოკუპირებული დონეცკის ოლქში დანაკარგების შესავსებად რუსებმა პატიმარი ქალები გაგზავნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციას გამოცემა Важные истории-სთან მოძრაობა Русь сидящая-ს დამფუძნებელი ოლგა რომანოვა ადასტურებს. მისი თქმით, პატიმარი ქალები ქვეყნის სამხრეთით მდებარე კოლონიებიდან წაიყავნეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრები, მათ შორის ქალები, მატარებელით გაგზავნა.
„გასულ კვირას, დაფიქსირდა პატიმრების გადაყვანა მატარებლით დონეცკის რეგიონში. ერთ-ერთ ვაგონში მსჯავრდებული ქალები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
ოლგა რომანოვას თქმით, რუსეთის სამხედრო სარდლობამ ასეთი აქცია გასული წლის ბოლოსაც განახორციელა. მაშინ რუსეთის სამხრეთ რეგიონში არსებული კოლონიებიდან დაახლოებით 100 ქალი გაგზავნეს ომში.