BBC-ის რუსული ბიუროს ცნობით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეესტრიდან ამოიღო 15 საერთაშორისო და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალი და წარმომადგენლობა, მათ შორის, კარნეგის ფონდი, Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი, რაც ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლობები რუსეთში უნდა დაიხუროს
რუსეთის ხელისუფლება არ განმარტავს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა გახდა წარმომადგენლობითი ოფისების დახურვის მიზეზი.
იუსტიციის სამინისტროს შეტყობინებაში მხოლოდ ისაა განმარტებული, რომ ეს ორგანიზაციები რეესტრიდან ამოიღეს „მოქმედი კანონმდებლობის გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით“.
არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრიდან უცხოური არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობა შეიძლება გამოირიცხოს ორი მიზეზით: 1. თუ ის არ იძლევა ინფორმაციას კონკრეტული ფინანსების და მისი ხარჯვის შესახებ, ან 2. თუ იუსტიციის სამინისტრო თვლის, რომ მისი საქმიანობა შეუსაბამოა დასახულ მიზნებთან ან ანგარიშგებასთან.
„იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, Amnesty International-ი წყვეტს რუსეთის ფედერაციაში თავის 29-წლიან მუშაობას“, - უთხრა არტემიევმა BBC-ს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მედიამენეჯერმა და დასძინა, რომ ამჟამად Amnesty International-ის მოსკოვის ოფისში ხუთი ადამიანია დასაქმებული.