რუსეთი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მმართველ საბჭოში აღარ აირჩიეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რუსეთს არ მიუღია საკმარისი ხმები საბჭოში დასარჩენად.
ICAO-მ Twitter-ის საკუთარ გვერდზე კენჭისყრის შედეგების საფუძველზე საბჭოში შემავალი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. კენჭისყრის პირველ ტურში საბჭოს წევრად აირჩიეს ავსტრალია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და იაპონია.
მანამდე ICAO-მ რუსეთს ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემების მქონე ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მათ ასევე განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლება საკმარისად არ აკონტროლებს რუსეთში ფრენების უსაფრთხოებას.
ICAO-ს საბჭოში შედის ორგანიზაციის 36 წევრი ქვეყანა. მათ ირჩევენ სამ წელიწადში ერთხელ ICAO-ს ასამბლეაზე.
მანამდე კანადის ტრანსპორტის მინისტრმა ომარ ალგაბრამ Reuters-ს განუცხადა, რომ კანადა რუსეთის წინააღმდეგ ხმას მისცემს ICAO-ს საბჭოს არჩევნებში.
როგორც ცნობილია რუსეთმა, სანქციების საპასუხოდ, დახურა თავისი საჰაერო სივრცე 36 ქვეყნის ავიაკომპანიებისთვის, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსთვის.
ICAO არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს სამოქალაქო ავიაციისთვის და კოორდინაციას უწევს მის განვითარებას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.