რუსეთმა „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებიდან გასვლა გადაიფიქრა, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა საკმარისი გარანტიები მიიღო საიმისოდ, რომ სტამბოლის სასურსათო შეთანხმებაში მონაწილეობა განაახლოს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ადასტურებს და წერს, რომ „მარცვლეულის ინიციატივაში“ რუსეთის მონაწილეობის განახლება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც დაადასტურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მათ უკრაინისგან წერილობითი გარანტიები მიიღეს, რომ „მარცვლეულის დერეფანი“ საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოყენებული არ იქნება.
უკრაინული მედიის ცნობით ერდოღანი აპირებს, რომ „მარცვლეულის დერეფანი“ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დღეს, 2 ნოემბერს განიხილოს.
ივლისში გაფორმებული „მარცვლეულის შეთანხმება“ რუსეთმა 2022 წლის 29 ოქტომბერს დატოვა. რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლის ყურეში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმას უკავშირდებოდა.
22 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა სტამბოლში ორ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. პირველი მემორანდუმი გაეროს იმ ვალდებულებას ეხება, რომელიც რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის შეზღუდვების მოიხსნას გულისხმობს. მეორე - შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ალგორითმს განსაზღვრავს. ეს პაკეტი გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის შეთანხმების ირგვლივ გაურკვევლობის გამო, მსოფლიოში საკვები პროდუქტების ფასები გაიზარდა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა