2022 წლის სექტემბრიდან რუსეთი მზესუმზირას ზეთზე საექსპორტო გადასახადს თითქმის 2-ჯერ ამცირებს. თუ აქამდე ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 15,987 რუბლი (დაახლოებით 270 დოლარი) იყო, სექტემბრიდან ის 8 621 რუბლი (დაახლოებით 144 დოლარი) გახდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა როდის შეეხება აღნიშნული ცვლილება საქართველოში ზეთის ფასს და ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ივა ჭყონიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ზეთი ძალიან სწრაფად ბრუნვადი პროდუქტია, შესაბამისად მსგავსი ცვლილება ფასზე მომენტალურად აისახება ხოლმე.
„ზეთი ძალიან სწრაფად ბრუნვადი პროდუქტია და შესაბამისად საბითუმო ფასებზე სადღაც 10 დღეში მაქსიმუმ ორ კვირაში აისახება, ანუ როდესაც მარაგები ამოიწურება. ქსელურ სუპერმარკეტებს შეიძლება ცოტა მეტი დასჭირდეთ, ანუ როდესაც ექსპორტის გადასახადი შემცირდება, საქართველოში დაახლოებით 2 კვირიდან ერთ თვეში ფასები შემცირდება.
წინაზე საექსპორტო გადასახადი აწიეს, მაგრამ თვითონ პროდუქტის ფასი შემცირდა, შესაბამისად მოგვეცა იმის საშუალება რომ საქართველოში ექსპორტის გაძვირების გამო პროდუქცია არ გაძვირებულიყო და ახლა თუ შეამცირეს, შეიძლება ასე თვალში საცემი არ იყოს, მაგრამ გაიაფდება.
თუ რამდენი პროცენტით შემცირდება ამის თქმა მიჭირს, მაგრამ ფიქსირებული გადასახადი რა თქმა უნდა მხოლოდ ნეგატიურად აისახება , იყო პერიოდი როდესაც საექსპორტო გადასახადი 500 დოლარამდეც იყო ასული , მაგრამ ახლა რაღაც ლოგიკურ ფასთან არის მისული და ეს რა თქმა უნდა სექტემბრის ბოლოსთვის ბაზარს დაეტყობა. თუ იქამდე რაღაც სხვა საკითხი არ დადგა დღის წესრიგში. ზოგადად ძალიან არასტაბილურია , შეიძლება ერთ თვეში გაზარდოს, მერე შემცირდეს, ეს არასტაბილურობა ბიზნესს ძალია აწვება“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.
თაკო კვაჭანტირაძე