კვლევითი ორგანიზაცია Brand Finance-ი რბილი ძალის (soft power) შესახებ ახალ გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ 2023 წელს რუსეთის ფედერაცია ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც რბილი ძალა დაკარგა, აღნიშნული მისი რეპუტაციის მკვეთრი დაცემით არის განპირობებული.
კვლევის მიხედვით რეიტინგში პირველ ადგილს აშშ იკავებს და მას 100-დან თითქმის 75 ქულა აქვს, აღნიშნული პარამეტრის მიხედვით აშშ ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა.
მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, მესამეა გერმანია; შემდეგ პოზიციებს კი აზიური გიგანტები, იაპონია და ჩინეთი იკავებენ.
ომის დაწყებამდე გლობალურ რეიტინგში რუსეთი მეცხრე ადგილზე იყო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი კოლოსალური გავლენით იყო განპირობებული, თუმცა ამჟამად ის მე-13 პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რაც სავაჭრო კავშირების გაწყვეტითა და რეპუტაციის გაუარესებითაა გამოწვეული.
რეიტინგში ყველაზე მკვეთრი აღმასვლა ომში მყოფ უკრაინას აქვს, რომელიც 51-ე ადგილიდან 37-ე ადგილამდე დაწინაურდა, აღნიშნული შედეგი მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობისა და რეპუტაციის მკვეთრი ზრდითაა განპირობებული.
საქართველო Brand Finance-ის რეიტინგში წელს 49-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 8-ადგილიანი დაწინაურებაა. ქვეყანას ყველაზე დიდი წინსვლა გავლენისა და რეპუტაციის მიმართულებით აქვს.